ნატალია ჯვარიძე
(12.03.2026)

11 მარტს, ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერის სიტყვით გამოსვლას თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის დაპირისპირება სერიოზულ პრობლემებს უქმნის სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. საქართველოში პოლიტიკური და ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა ნაწილმა ეს სიტყვები 3-5 მარტს ფაშინიანის საქართველოში ვიზიტს დაუკავშირა.

სომხეთის პრემიერ ამ საკითხზე 12 მარტს დამატებითი განცხადების გაკეთება მოუწია.

  • ნიკოლ ფაშინიანი: „ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი".

კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა", ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა".

„თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით, ეს გვაწუხებს", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

გამოხმაურებები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოთხშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შემდეგი განცხადება გააკეთა:

„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან თავისი ურთიერთობა აქვს და ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს.

„ბატონი ფაშინიანი გახლავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ის, როგორც სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ისე საუბრობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილი ეხება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს. ჩვენი ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს.

„ევროკავშირმა თვითნებურად, არაპროვოცირებულად შეაფერხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ასე რომ, ბურთი არის ბრიუსელის მოედანზე. მათ უნდა გამოასწორონ თავისივე გაფუჭებული, ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ," - განაცხადა პაპუაშვილმა.

სომხეთის პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციაც. პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძეის შეფასებით, ფაშინიანის სიტყვები „თან უნდა გაგიხარდეს და თან ცოტა უნდა გეწყინოს კიდეც".

  • პაატა ზაქარეიშვილი: „არ ვფიქრობ, რომ რაღაც თხოვნებსა თუ მოთხოვნებს ჰქონოდა ადგილი... ფაშინიანს ჩაეთვალა კარგ საქმეში, მაგრამ ევროკავშირი პოზიციას არ შეიცვლის."

„დღეს ბაქოში სტუმრად იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და მას პრეზიდენტი ალიევი მასპინძლობს. ევროპარლამენტში უმაღლესი ტრიბუნიდან მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებს სომხეთის პრემიერი ფაშინიანი და ამ დროს, იმავე პარლამენტში განიხილება საკითხი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. საქართველო იყო ლიდერი რეგიონშიც, იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოშიც და ყველა ჩვენ შემოგვყურებდა, საქართველოს მიყვებოდა ყველა სხვა დანარჩენი პოტენციური კანდიდატი, დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

„ფაშინიანის განცხადება თან უნდა გაგიხარდეს და თან ცოტა უნდა გეწყინოს კიდეც, რადგან დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც სხვების დასაცავები გავხდით. თქვენ გგონიათ, ეს გზავნილი ევროპის მხარისკენ იყო მიმართული? მადლობა მას, რომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან როლს რეგიონში, იმიტომ, რომ ცხადია, ის პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა და მნიშვნელოვანი ლიდერია რეგიონში", - განაცხადა შარაშიძემ.

რა მიზანი ჰქონდა სომხეთის პრემიერს

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის აზრით, გაუგებარია რას ემსახურებოდა ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რადგან სომხეთი ევროკავშირთან ინტენსიური ურთიერთობების განვითარებას საქართველოს გარეშეც ძალიან კარგად ახერხებს.

„არ მგონია საქართველოს მთავრობას მართლა ეთხოვა, რადგან მათ ევროსტრუქტურებთან იმდენად აქვთ ურთერთობები გაფუჭებული, რომ ფაშინიანის ეს ეპიზოდური განცხადება მთლად სერიოზულად არ იქნებოდა მიღებული. თუმცა მან ეს განცხადება გააკეთა, რადგან ადრე სომხეთისთვის საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგვარ ხიდად განიხილებოდა. ეს იქამდე, სანამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი კატა გაირბენდა. თუმცა, ვფიქრობ, სომხეთს ასეთი რაღაცის თქმა არ სჭირდებოდა.

„რატომ გააკეთა ფაშინიანმა ასეთი განაცხადი, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ვხვდები, რადგან საქართველოს გარეშე სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ევროკავშირთან ინტენსიური ურთიერთობების განვითარებას ძალიან კარგად ახერხებს.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „არ მგონია საქართველოს მთავრობას მართლა ეთხოვა... მან ეს განცხადება გააკეთა, რადგან ადრე სომხეთისთვის საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგვარ ხიდად განიხილებოდა".

„არ მგონია ამას რაღაც გაგრძელება მოჰყვეს. თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული ფუნდამენტური წინააღმდეგობები თუ არ მოგვარდა ურთიერთმისაღები ფორმით, მეეჭვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის რამე პოზიტიური გარღვევა მოხდეს. მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ და ეს დაადასტურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამაც. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები ამას ოპტიმისტურად აფასებენ, მე ამის საფუძველი არ მაქვს, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რა განსხვავებულ პოზიციებზე დგაგან მხარეები.

„იგივე ითქმის საქართელოსა და ევროკავშირის პოზიციებზე - მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსები ფაქტობრივად, ამოწურულია. კი ამბობენ „კარი ღია არისო", მაგრამ დიალოგი არ მიმდინარეობს. შესაბამისად, ფაშინიანის განაცხადი ფუჭ გასროლა წააგავს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ამით ფაშინიანმა სომხეთის პოზიციები უფრო განამტკიცა.

„ჩემი აზრით, როცა ფაშინიანი (საქართველოში) ჩამოვიდა და ხელისუფლებას შეხვდა, სიტუაციამ მოიტანა და ინფორმაციები გაუზიარეს ერთმანეთს. არ მგონია კობახიძეს პირდაპირ ეთხოვა, რომ ევროპარლამენტში ეს ეთქვა. ალბათ კობახიძე მოუყვებოდა, რატომ აღარ აქვთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები და მას დააბრალდებდა ყველაფერს. ვფიქრობ, ფაშინიანი ეტყოდა, რომ თუ საქართველო წინააღმდეგი არაა, გამოიყენებდა ამას, რათა სომხეთის პოზიციები გაემყარებინა.

„სომხეთმა კარგად იცის, რომ საქართველოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება უფრო მარტივია. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებისა და მათი ინტერესები დაემთხვა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რაღაც თხოვნებსა თუ მოთხოვნებს ჰქონოდა ადგილი. ეს ის მომენტია, როცა ორივე მხარეს აწყობდა. აქ კარგის მეტი არაფერია. ერთი ოპოზიციისთის ცუდი ის არის, რომ თუ ევროკავშირმა „ოცნებასთან" დიალოგი აღადგინა, გამოდის, რომ ხელისუფლებას ყველაფერი ეპატია. თუმცა, არ მგონია ეს მოხდეს. ფაშინიანს ჩაეთვალა კარგ საქმეში, მაგრამ ევროკავშირი პოზიციას არ შეიცვლის. ფაშინიანს ქულები დაეწერა, რომ ის მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე კი არა, რეგიონზე ფიქრობს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე