
"ინტერესთა კონფლიქტი და სიცრუით გაჯერებული დოკუმენტი" - ასე აფასებს მმართველი გუნდი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს.
დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, არა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, არამედ პოლონეთის მთავრობის მოქმედმა მრჩეველმა, პატრიცია გრჟებიკმა მოამზადა. ოფიციალური თბილისისთვის ეს ფაქტი ანგარიშის ობიექტურობას სრულად გამორიცხავს. ირკვევა, რომ ავტორი, რომელიც ეუთო-ს მიერ "დამოუკიდებელ ექსპერტად" იყო წარდგენილი, სინამდვილეში პოლონეთის საგარეო უწყების იურიდიული კომიტეტის წევრი და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის კონსულტანტია.
საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ დასკვნა წინასწარ დაწერილია, რეალობას აცდენილია და მისი ერთადერთი მიზანი კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებაა.
"თეთრი ძაფით ნაკერი და შეთითხნილი ბრალდებებით გაჯერებული კიდევ ერთი თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო იმ რეალობასთან, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ის დაჩქარებული ტემპი, თითქოს ამ მისიის გამოყენებისა, პირდაპირ მეტყველებს იმას, რომ პრაქტიკულად ვივარაუდოთ, ეს ყველაფერი უკვე დაწერილი ჰქონდათ თავის დროზე, მრავალგვერდიანი ე.წ. დასკვნა და მხოლოდ და მხოლოდ თვალის ასახვევად იყო ეს ქალბატონი ჩამობრძანებული 2 დღით საქართველოში, პირველად, რომელიც საერთოდ არ იცნობს ქვეყნის არც პოლიტიკურ ლანდშაფტს, არც იმ მდგენელს, რაზედაც მან თითქოს ის ე.წ. დასკვნა დაწერა. პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ განცხადდა სურვილი ცალკეული ძალებისა, საქართველოს წინააღმდეგ შეიქმნას და შეითითხნოს ე.წ. საქმე, რომ შემდგომ უკვე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, აპელირება მოახდინონ ამ ფარატინა ქაღალდებზე," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
"მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებას ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნიდან, 34-მა მხარი არ დაუჭირა, მათ შორის არიან საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



