
სუს-მა ეუთოს ეგიდით შექმნილ „მოსკოვის მექანიზმთან" დაკავშირებით გამოკითხვაზე ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დაიბარა, რომელიც მისვლას არ აპირებს. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის „დატერორება დაიწყო". სხვები ამ დაბარებას ნანუაშვილისგან ინფორმაციის გაგებას უკავშირებენ.
„სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურს აინტერესებს, რამდენად იყო ჩართული ბატონი ნანუაშვილი ამ ყველაფერში, ჰქონდა თუ არა ექსპერტთან კავშირი და რა როლს ასრულებდა საერთოდ ამ პროცესში", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ შემდეგი სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ.
„ახლა მიდის პერსონალური დაბარებები. მერე, ალბათ, თინა ხიდაშელსაც დაიბარებენ. თუ ასე მოხდა, სხვებს, რომლებიც ცნობილები არ არიან და რეგიონებში მუშაობენ, მოწყვლად მოსახლეობას ეხმარებიან, მათ რაღა ეშველებათ?"
როგორც უჩა ნანუაშვილი წერს, უწყებაში ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა დაბარებული.
„სუს-მა უფლებადამცველების დევნა განაახლა! გუშინ საღამოს დამირეკა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა, დაბარებული ვარ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე, როგორც მივხვდი, ტელეეთერით დავით ქაცარავამ გახსენათო. ეუთო-ს ექსპერტთან კომუნიკაცია თურმე უფლებადამცველების გვეკრძალება? „მოსკოვის მექანიზმი" როგორც ჩანს ძალიან აღელვებთ", - წერს ნანუაშვილი.
მან მოგვიანებით თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
„მისვლას არ ვაპირებ. ვუთხარი გამომძიებელს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მსურდა. დიახ, მოვითხოვე გამოკითხვა სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. პასუხი და მათი გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი."
- პაატა ზაქარეიშვილი: „სამოქალაქო სექტორის დატერორება დაიწყეს. ჯერ „რუსული კანონით" ვერ მოერივნენ, მერე „ფარას" კანონით, შემდეგ გრანტების კანონში ცვლილებით..."
პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის დატერორება დაიწყო.
„უჩას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ნამდვილად პატრიოტი ადამიანია. მისი გამოკითხვაზე დაბარება უცნაურია. თუ დადებით სცენარზე ვიფიქრებთ, ამის მიზანი შეიძლება რაღაც ინფორმაციის გაგება იყოს, მაგრამ ეს თითქმის გამორიცხულია. ჩემი აზრით, სამოქალაქო სექტორის დატერორება დაიწყეს. ჯერ „რუსული კანონით" ვერ მოერივნენ, მერე „ფარას" კანონით, შემდეგ გრანტების კანონში ცვლილებით, მაგრამ სასტიკად მოანგრიეს სამოქალაქო სექტორისთვის ნიადაგი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არსებობენ. ახლა მიდის პერსონალური დაბარებები. მერე ალბათ, თინა ხიდაშელსაც დაიბარებენ. თუ ასე მოხდა, სხვებს, რომლბიც ცნობილები არ არიან და რეგიონებში მუშაობენ, მოწყვლად მოსახლეობას ეხმარებიან, მათ რაღა ეშველებათ?
„მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან ძლიერები არიან. წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებას" ოპოზიციის კი არა, არამედ მათი ეშინია. ამ საცოდავებს არ ესმით, რომ საქართველო სეიფი არაა, ის სახელმწიფოა, ამიტომ დამარცხდებიან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
- ზაალ ანჯაფარიძე: „ვფიქრობ, რომ უჩა ნანუაშვილის გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდება სამოქალაქო აქტივისტის, დავით ქაცარავას აღიარებით თუ შემთხვევით წამოცდენილ განცხადებას"
ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ნანუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მიზანია გაირკვეს, რა კავშირი აქვს „მოსკოვის მექანიზმის" პროცესთან.
„მე ვფიქრობ, რომ უჩა ნანუაშვილის გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდება სამოქალაქო აქტივისტის, დავით ქაცარავას აღიარებით თუ შემთხვევით წამოცდენილ განცხადებას, თითქოს მან მოახდინა მისი და „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში ეუთოს მოვლენილ ექსპერტთან შეხვედრის ორგანიზება. სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურს აინტერესებს, რამდენად იყო ჩართული ბატონი ნანუაშვილი ამ ყველაფერში, ჰქონდა თუ არა ექსპერტთან კავშირი და როლს ასრულებდა საერთოდ ამ პროცესში, ვგულისხმობ რესპოდენტების შერჩევას, ან ექსპერტისთვის დახმარების გაწევას და ა.შ." - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



