
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ სამოქალაქო სექტორიდან მსგავსი „დაბარებების" სერია დაიწყოს. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებს მხრივ კი პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
იგორ კვესელავა: აქტიურად ვადევნებ თვალს დებატებს, რომელიც ყოველ კვირა იმართება. ვხედავ ირაკლი კობახიძის მუშაობის ასეთ სტილს - იმ პროცესების გაწმენდა, რომელიც მათ პოლიტიკას არ იზიარებს, ან ძველი ცოდვები ჰქონდა ჩადენილი. ეს გამოჩნდა, რადგან როცა საკუთარი გუნდის წევრებს იჭერენ, ბუნებრივია, ეს აზრი ჩნდება.
რაც შეეხება უჩა ნანუაშვილს, მისი დაბარების მთავარი არსი არის იმაში, რომ აინტერესებთ, რა პოზიცია უჭირავს მას - ნეიტრალური თუ ამ ხელისუფლების აშკარა მოწინააღმდეგეა? ე.ი. რაღაცას ქექავენ. ფაქტობრივად, დუელი მიდის - ერთი იარაღით და მეორე უირაღოდ. ეს პროცესი და დაბარებები გაგძელდება და მერე დასკვნა უნდა გაკეთდეს.
„რეზონანსი": როგორ შეფასებდით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლელოს" მმართველ პარტიასთან დიალოგი სურს?
ი.კ: პოლიტიკაში დიალოგი ყოველთვისაა. ყველაზე მძიმე ომის დროსაც, ყველაზე დაუძინებელ მტრებს შორისაც კი მიმდინარეობდა დიალოგი. ეს ჩვეულებრივი პროცესია. შეიძლება საზოგადოების ყველა წევრისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ხელისუფლება და ოპოზიცია მუდმივად საუბრობენ ერთმანეთთან. ეს შერიგებას კი არა, რაღაც პროცესების გამო თანხმობას ნიშნავს, რადგან საერთო ენა მოიძებნოს და ერთმანეთის მტრები არ იყვნენ. ასე რომ, სრულიად დასაშვებია, რომ რომელიმეს დიალოგი სურდეს. მეორეს მხრივ, ხელისუფლებას უნდა, რომ ოპოზიციური პარტიები აიკრძალოს, რასაც უარყოფითი რეაქციები მოჰყვება, მათ შორის ევროპიდან.
- „ამერიკას აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესი აქვს და არა საქართველოსი. მოდით, ხელისუფლებას ვკითხოთ, რატომ უნდა აინტერესებდეს შეერთებულ შტატებს საქართველო? რატომ უნდა იზიდავდეს?"
„რ": „ქართული ოცნება" მუდმივად საუბრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა სურს, თუმცა ჯერჯერობით ამერიკიდან პასიურობაა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
ი.კ: ამერიკისთვის საქართველო დაინტერესების საგანს არ წარმოადგენს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით. მისთვის ჩვენი ქვეყანა მომგებიანი არ არის. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ მესამე ადგილზე აღმოვჩნდით - ყველანაირი ფაქტორის გათვალისწინებით. ამიტომ ბუნებრივია, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პროცესი ყოვნდება. ამერიკა საქართველოს ხელისუფლებას არ ენდობა. სამხარაძე კი იყო ვაშინგტონში, მაგრამ ეს დიდ არაფერს ნიშნავს, არაფერს წყვეტს. ამერიკას აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესი აქვს და არა საქართველოსი. მოდით, ხელისუფლებას ვკითხოთ, რატომ უნდა აინტერესებდეს შეერთებულ შტატებს საქართველო? რატომ უნდა იზიდავდეს? ვინც სჭირდება, მასთან აქვს კომუნიკაცია. აუცილებელია გავიაზროთ, რომ მარტო ჩვენს ხელისუფლებაზე აღარ არის საუბარი, თვითონ საქართველო აღარ არის მათთვის საინტერესო. ამიტომ მათ ლოდინის პოლიტიკა აქვთ აღებული. როცა ვიღაც ძლიერია, სუსტებისკენ არც იხედება. საქართველო მათთვის ბრდღვნად არ ღირს. აშშ-ის კარზე მისვლა ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მოვახერხეთ.
- „მარტო ჩვენს ხელისუფლებაზე აღარ არის საუბარი, თვითონ საქართველო აღარ არის მათთვის საინტერესო. საქართველო მათთვის ბრდღვნად არ ღირს. აშშ-ის კარზე მისვლა ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ."
„ქართული ოცნების" მხრიდან რაღაც ნაბიჯების გადადგმა უფრო პროპაგანდის ნაწილია, რომ სათქმელად ჰქონდეთ - აი, ჩვენ რაღაც გავაკეთეთ და საქმე ისე არაა, როგორც ოპოზიციას ჰგონიაო. თუმცა მე მგონია, რომ ეს და სხვა ვიზიტები არ წარმოადგენს ისეთ მაღალ ნიშნულს, რომ იქიდან რაღაც ინტერესი გაჩნდეს.
„რ": რას ფიქრობთ დებატებზე, რომელიც ყოველ კვირას იმართება?
ი.კ: დებატები ცუდი არ არის, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, არც კარგია. მე არ ვიცი, ვინ მოიგონა და საიდან წამოვიდა, მაგრამ მთავარია, რას მისცემს მათ ავტორიტეტს? თუ ასე ფიქრობენ, მცდარია. ეს უფრო გამოაშკარავებს იმ ვითარებას, რაც 2012 წლიდან მოდის. თითქოს აჩვენებენ, რომ დემოკრატიის ნაწილია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



