
საქართველოს საკითხზე უფრო დეტალური განხილვა ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ შემდგომი სხდომისთვის გადადო, რომელიც, ანალიტიკოსთა თქმით, შესაძლოა მაქსიმუმ ერთ თვეში ჩატარდეს, თუმცა ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არაა, თუნდაც როგორიცაა მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ახალი მექანიზმის ფარგლებში,უვიზო მიმოსვლის პირველად შეჩერების ხანგრძლივობა ცხრა თვიდან 12 თვემდე იზრდება. ეს საწყისი პერიოდი დამატებით შეიძლება, 18 თვის ნაცვლად, 24 თვით გახანგრძლივდეს. ეს პერიოდი ევროკავშირს მისცემს საშუალებას, ითანამშრომლოს შესაბამის მესამე ქვეყანასთან იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია (სანამ უვიზო რეჟიმის სრულად გაუქმება გახდება შესაძლებელი).
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ.
„მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხიც განიხილეს, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ", - თქვა კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რა არის მოსალოდნელი შემდეგ სამიტზე
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მომდევნო სხდომისგან „კარგს არაფერს უნდა ველოდოთ".
„კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. საუბარი მხოლოდ იმაზე შეიძლება იყოს, ეს მინისტრები ამ ცილისწამების გზაზე რამდენად გაბედავენ და შორს შეტოპავენ, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, ყულევის ტერმინალის არ იყოს. მათი მსჯელობა, განცხადებები, დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და სხვა უკუსვლაზე - ეს ყველაფერი მტკიცებულებების გარეშეა აგებული. ეს თვითონაც იციან.
- პეტრე მამრაძე: „არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ. საუბარი მხოლოდ იმაზე შეიძლება იყოს, ეს მინისტრები ამ ცილისწამების გზაზე რამდენად გაბედავენ და შორს შეტოპავენ"
„ამიტომ სად შეჩერდებიან და რას გადააბიჯებენ, ამის თქმა რთულია. ვნახეთ მაგალითი, რომ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ ამ ე.წ. დასკვნას მხარი დაუჭირა , ზღვარს გადააჭარბა, თუმცა 33-მა თავი შეიკავა. ევროკავშირის შემთხვევაშიც რთული სათქმელია, თვითონ წევრებმა არ იციან, რას და როგორ გააკეთებენ ამ კამათის შედეგად. ყველას ესმის, რომ ეს სრულიად უსამართლო, ცილისმწამებლური კამპანიაა",- განაცხადა მან.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ ახალი პროცედურის ფარგლებში უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ დააანონსონ, მამრაძემ გვითხრა:
„არაა გამორიცხული. აქამდე გაისმოდა ხმები, რომ ამით რა გამოდის, ხალხი უნდა დავსაჯოთო? პროცესს ჯერჯერობით ეს არგუმენტი აჩერებდა. თუმცა, თუ აქედან მათი კლიენტები „ნაცმოძრაობის" ძალები დაუმტკიცებენ, რომ თქვენი ჭირიმე, ოღონდ ეს გააკეთეთ, ხალხის ქუჩაში გამოყვანა ჩვენზე იყოს, მთელი მოსახლეობა გამოვა და ამ ხელისუფლებას ბოლოს მოვუღებთო, მაშინ შეიძლება გააკეთონ კიდეც.
„შიგნითაც რომ მუშაობდე, მაშინაც კი რთულია რამის პროგნოზირება, მაგრამ ერთია, როცა სრულიად უძლურები არიან, რაიმე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მომაწილეობა. ამ დროს არეალი ვიწროვდება, სადაც მაინც რაღაცა შეიძლება აჩვენონ, რომ ფეთქავენ და არსებობენ და სამწუხაროდ ამ არეალში ჩვენი პატარა ქვეყანა ხვდება".
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეკრება მაქსიმუმ ერთ თვეში იქნება, თუმცა საქართველოზე რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილება მოსლაოდნელი არაა.
„საკითხი კი დააყენეს, მაგრამ ეტყობა დრო არ ეყოთ და გადაწყვიტეს, რომ გადაეტანათ. საფრანგეთი აპირებდა ინფორმაციის შედგენას და ალბათ ეს შეადგინეს. შემდეგ განხილვა რას ნიშნავს - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები როგორც მინიმუმ თვეში ერთხელ იკრიბებიან საბჭოს სხდომაზე. ახლა ზუსტად არ ვიცი როდისაა ჩანიშნული, მაგრამ შემდგომი კრება ალბათ მაქსიმუმ ერთ თვეში იქნება, შეიძება უფრო ადრეც იყოს.
„გადასაწყვეტია, რა უნდა ქნან საქართველოს საკითხზე, რაღაც ზომები უნდა მიიღონ, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს, რაც ხდება. არ ვიცი რამდენად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ეს სხდომა. მარტივი არაა, კანდიდატის სტატუსს ხომ არ ჩამოართმევენ? ამაზე ასე არ იჩქარებენ.
- კახა გოგოლაშვილი: „არ ვიცი რამდენად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ეს სხდომა. მარტივი არაა, კანდიდატის სტატუსს ხომ არ ჩამოართმევენ? ამაზე ასე არ იჩქარებენ. ჯერ უვიზო მიმოსვლის წართმევასაც არ აპირებენ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს და უკვე მოსწყინდათ"
„ჯერ უვიზო მიმოსვლის წართმევასაც არ აპირებენ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს, მოსწყინდათ უკვე სურვილიც აღარ აქვთ, რომ ერთი და იგივე გაფრთხილებები გააჟღერონ, მაგრამ გადაწყვეტილებისთვისაც ყველანი ერთად მზად არ არიან. თანაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ ახლა გადასაწყვეტი, უკრაინის და ირანის საკითხი, ორივე ძალიან მძიმეა, ახლა საქართველოსთან მიმართებაში მკვეთრ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ", - განაცხადა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების" შეფასებას, როგორც უმრავლესობის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, გადაწყვეტილებები ხალხს არ შეეხება.
„კაია კალასი საქართველოსთვის რაიმე კარგს რომ არ გააკეთებს, ვიცით, თუმცა მისი ძალისხმევა უკვე სასაცილო ხდება. მსოფლიო დარწმუნდა, რომ ეს ადამიანი არაობიექტურია. მას ამერიკიდან საერთოდ არ ხვდებიან. გადაწყვეტილებები ხალხს არ შეეხება, იმდენად უაზრო ნაბიჯებს დგამენ. თუ ასე გინდათ, ჩემს დიპპასპორტს გაჩუქებთ, საერთოდ არ მჭირდება", - განაცხადა შარმანაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



