მარიამ ვეკუა
(17.03.2026)

ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს მძიმე ბრალდებებს უყენებს - ექსპერტი მას თაღლითობასა და უცხოეთის ინტერესებთან კავშირში ადანაშაულებს, რასაც თავად ყიფიანი ამ დრომდე საჯაროდ არ გამოხმაურებია.

„ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ვიქტორ ყიფიანი არის დადასტურებული თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ნდობით და ადვოკატობის დროს ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა," - წერს „ოცნებასთან" დაახლოებული ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ირწმუნება, რომ ვიქტორ ყიფიანი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული აგენტია და ფრთხილად უნდა იყოს.

„ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ვიქტორ ყიფიანი არის დადასტურებული თაღლითი, რომელმაც ისარგებლა ნდობით და ადვოკატობის დროს ბიძინა ივანიშვილს ფული მოჰპარა. ცხადია, ამ „მელკი ქურდბაცაცას" ფაქტზე წაასწრეს და მოპარული ფულის დაბრუნებასთან ერთად ბოდიშებიც ბევრი იხადა, ოღონდ არ დამიჭიროთო.

„პარალელურად არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული და ყურით დაჭერილი აგენტი. ეს არის ფაქტები ვიქტორ ყიფიანის შესახებ. რასაც აკეთებს, აკეთებს ყველაფერს გარე კარნახით და ამიტომ, ვურჩევდი მას, რომ ძალიან ფრთხილად იყოს. ფრთხილად იყოს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რადგან ქართველი ხალხისგან აგენტურას დანდობა არ ექნება," - წერს ჩიხელიძე.

ამ ბრალდებას წინ უსწრებდა ვიქტორ ყიფიანის მიერ ორშაბათს „პალიტრანიუსის" გადაცემაში გაკეთებული განცხადებები, სადაც თქვა, რომ ბოლო პერიოდში „ოცნების" მმართველობის ხაზი ქაოსითა და ექსტრემიზმით ხასიათდება.

 

  • დავით ჩიხელიძე ვიქტორ ყიფიანზე: „რასაც აკეთებს, აკეთებს ყველაფერს გარე კარნახით და ამიტომ, ვურჩევდი მას, რომ ძალიან ფრთხილად იყოს. ფრთხილად იყოს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს"

 

 

„ქართული ოცნების" პოლიტიკური ხაზი ორი ნიშნით შეიძლება დავახასიათოთ: ეს არის ქაოსი და ექსტრემიზმი. მათი ხელწერა ჩემზე პირადად სხვა შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. მათ პირობებში ქაოსი, ექსტრემიზმთან შერწყმით, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში შფოთის, მუდმივი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის დანერგვა, ხოლო ქვეყნის გარეთ ძალიან მძიმე რეპუტაციული ტრავმის მიყენება.

„რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, პრესკონფერენცია, თითქოს „ქართულ ოცნებაში" შიდა ჩემპიონატად იქცა. რამდენიმე ლიდერია, ხან ერთი დაწინაურდება, ხან მეორე. არის რამდენიმე, ვინც ყველაზე მეტად გვაკვირვებს, ეს ურთიერთგაკვირვება არ მთავრდება", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიქტორ ყიფიანია დიდი ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და მასთან დაახლოებული პირი იყო. სწორედ ის იცავდა „ოცნების" ინტერესებს შვეიცარულ ბანკთან გახმაურებულ დავაში. ადრე არაერთხელ გავრცელდა ხმები, თითქოს ივანიშვილი მას, არც მეტი არც ნაკლები, პრემიერობისთვისაც კი ამზადებდა.

2023 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ივანიშვილის ადვოკატის პოსტი დატოვა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ყიფიანმა კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტზე, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ყიფიანმა შარშან დააანონსა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა. თუმცა ჯერჯერობით ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" თავმჯდომარეა და პოლიტიკაში რაიმე შესამჩნევი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე