
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 5,4%-ით გაიზარდა, რაც გლობალური ეკონომიკური ზრდის თითქმის 30%-ს შეადგენს - ეს უფრო მეტია, ვიდრე „დიდი შვიდიანის" ქვეყნების ჯამური წვლილი. ჩინეთი დღეს მსოფლიოს უდიდეს პოტენციურ მომხმარებელთა ბაზარს და უმსხვილეს განვითარებად ეკონომიკას წარმოადგენს - ასეთი განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პოლიტბიუროს წევრმა ვან ი-მ სახალხო კონგრესის მე-14 მოწვევის მეოთხე სესიის ფარგლებში გამართულ კონფრენციაზე გააკეთა.
მინისტრის თქმით, ჩინეთი არა მხოლოდ „მსოფლიოს ქარხანაა", არამედ „მსოფლიოს ბაზარიც". ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, იცავს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს, მხარს უჭერს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ცენტრალურ როლს და სამართლიან, ღია ეკონომიკურ წესრიგს. „მსოფლიოს შეუძლია ჩინეთს დაეყრდნოს გლობალური ზრდის განმტკიცებაში", - განაცხადა ვან ი-მ.
ეს მიდგომა სრულად შეესაბამება ჩინეთის გრძელვადიან სტრატეგიას - მშვიდობიანი განვითარების გზას, რომელიც გაურბის დიდი ძალების ტრადიციულ დაპირისპირებას.
ხაზგასასმელია, რომ ჩინეთ-ევროპის ურთიერთობები გასულ წელს მნიშვნელოვნად გააქტიურდა: ორმხრივმა ვაჭრობამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ორ მილიონზე მეტი ევროპელი ტურისტი უვიზო რეჟიმით სარგებლობდა, ხოლო ევროპელი ლიდერები არაერთხელ ეწვივნენ ჩინეთს. ვან ი-მ ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მრავალპოლარული მსოფლიოს ერთ-ერთი ბოძი და ჩინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია მოდერნიზაციის პროცესში.
„ევროპას სჭირდება ჩინეთის სწორი აღქმა", - აღნიშნა მინისტრმა. ჩინეთი არ არის „კონკურენტი", არამედ „გლობალური პარტნიორი". ფაქტები ცხადყოფს, რომ ურთიერთდამოკიდებულება არა რისკი, არამედ უპირატესობაა. დაცვითი ბარიერები მხოლოდ იზოლაციას იწვევს, ხოლო ჩინურ ბაზარზე გასვლა კონკურენტუნარიანობას ზრდის.
რაც შეეხება ტაივანს, ვან ი-მ აღნიშნა, რომ ეს კუნძული ისტორიულად და იურიდიულად ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. მისი სტატუსი განსაზღვრულია კაიროს დეკლარაციით, პოტსდამის დეკლარაციით, იაპონიის კაპიტულაციის აქტითა და გაეროს რეზოლუცია 2758-ით. „ ტაივანის დამოუკიდებლობის" ნებისმიერი მცდელობა განწირულია არუმატებლობისთვის. რაც უფრო მტკიცედ დაუპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოება „ტაივანის დამოუკიდებლობას" და იცავს „ერთი ჩინეთის" პრინციპს, მით უფრო უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში", - განაცხადა მინისტრმა.
ვან ი-ს თქმით, ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესების წითელი ხაზია, რომლის გადალახვის უფლება არავის აქვს.
„ჩინეთი მზადაა ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ერთად ააშენოს საერთო მომავლის საზოგადოება", - განაცხადა მინისტრმა.
- ვან ი :„ჩინეთი მზადაა ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ერთად ააშენოს საერთო მომავლის საზოგადოება"
ჩინეთი და ევროკავშირი მსოფლიოში სიდიდით მეორე და მესამე ეკონომიკებია და ორივე მხარის ერთობლივი ეკონომიკური გამომუშავება აღემატება გლობალური მთლიანი რაოდენობის მესამედს, ხოლო ერთობლივი ვაჭრობის მოცულობა გლობალური ჯამის მეოთხედს აჭარბებს.
ბოლო დროს ბრიუსელი სულ უფრო ხშირად საუბრობს ე.წ. დე რისკინგის პოლიტიკაზე, რაც ჩინეთთან სრულ ეკონომიკურ გამიჯვნას არ გულისხმობს, თუმცა მიზნად ისახავს რისკების შემცირებას განსაკუთრებით კრიტიკულ სექტორებში.
ე.წ. დე-რისკინგის არსია ევროკავშირის ქვეყნები ზედმეტად არ გახდნენ დამოკიდებული ერთ პარტნიორზე. ამ პოლიტიკის ფარგლებში, ირანის ომამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 თებერვალს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 30-კაციან ეკონომიკურ დელეგაციასთან ერთად, ჩინეთს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა, სადაც განიხილეს, როგორც გერმანიის ეკონომიკური ინტერესები, ისე ჩინეთთან კონკურენცია და „დე რისკინგი". ვიზიტი, საფრანგეტის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერის ვიზიტებს მოჰყვა.
- ფრიდრიხ მერცი: „გვსურს ჩინეთთან პარნტიორობა, რომელიც იქნება დაბალანსებული, სანდო, მოწესრიგებული და სამართლიანი"
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობაზე ასევე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ფაქტორები, განსაკუთრებით ჩინეთის პოზიცია ომებთან დაკავშირებით. შედეგად ეკონომიკური თანამშრომლობა თანდათან უფრო სიფრთხილის რეჟიმში გადადის, სადაც პარტნიორობას კონკურეციაც ახლავს თან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



