მარიამ ვეკუა
(17.03.2026)

გვიან ღამით მეუფე შიო მუჯირმა დაადასტურა კათალიკოს-პატრიარქ ილია II -ის გარდაცვალება. მანამდე ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, თუმცა კლინიკიდან გამოსული სასულიერო პირები კომენტარს არ აკეთებდნენ. მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა თქვა, უწმინდესმა ვალი მოიხადაო. მიუხედავად ამისა, პატრიარქის გარდაცვალებაზე ხმები ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა.

ოფიციალურ დადასტურებამდე, ილია მეორის გარდაცვალებაზე ირიბად კლინიკიდან გამოსული მგლოვიარე სახეებიც მიანიშნებდნენ.

პატრიარქი 93 წლის იყო და ქართული ეკლესიის საჭე 49 წლის განმავლობაში ეპყრა.

ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი ილია მეორის თანამოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა გააკეთა და სრულიად საქრისტიანოს მიუსამძიმრა.

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, ამ რამდენიმე წუთის წინს სრულაიდ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განისვენა, ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგი, მინდა მივუსამძირო მთელ საქრისტიანოს, ძალიან რთულია საუბარი რამდენიმე სიტყვით საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ.

„დიდი დღეს ჩვენი გლოვა, კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ მთელ საქართველოს, ასეთი დიდი ადამიანები როცა გვტოვებს, არის ნუგეში რომ ჩვენ შევიძინეთ უდიდესი ზეციური მფარველი.

ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა, მე იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და ლოცვა გაგრძელდება, განაპირობებს, ღმერთმა აცხონოს მისის სული," - განაცხადა პატრიარქის თანამოსაყდრე შიო მუჯირმა, რომელიც დღეიდან ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს.

სამშაბათს, დილის სამ საათზე კუჭიდან მასიური სისხლდენით კათოლიკოს-პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს.

„გუშინდელი დღიდან, დაახლოებით შუადღიდან გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა, იყო გარკვეული პარამეტრები, რომლებიც გარკვეულ ჩარევას მოითხოვდა. შესაბამისად, მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადაყვანილი ყოფილიყო სატურაციასთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ ჩაფიძის კლინიკაში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემებიც არსებობდა. ჰემოგლობინმა მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რომელიც შეიძლება იმ წუთას უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. მოგვიანებით ეს ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პატრიარქის პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანის შესახებ. ეს იყო დაახლოებით, ღამის 02:00 საათი. აქაც დაუყოვნებლივ იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმ სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების შესახებ, რაც განხორციელდა. ამან წარმატებით ჩაიარა, რადგან, რეალურად მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც ხდებოდა სისხლის დაკარგვა. სპეციალისტები, რომლებიც ღამით მუშაობდნენ, კარგად გაეცნენ ვითარებას და აქტიური კერა, რომელიც შეიძლებოდა პრობლემების წყარო ყოფილიყო, შენიშნული ვერ იქნა. ამის დასტურია ის, რომ ამის შემდეგ ჰემოგლობინის პრობლემები არ განვითარებულა", - განაცხადა პატრიარქის გარდაცვალებამდე რამდენიმე სააათით ადრე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის განმავლობაში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად პოლიტიკოსები, სასულიერი პირები, მოქალაქეები იკრიბებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, თბილისის მერი, შს მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი ხელოვნურ კომაში იყო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ასაკის გამო, მდგომარეობიდან „ასე იოლად გამოსვლა რთულია."

„[მდგომარეობას] აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭში სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას."

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე