რეზონანსი
(18.03.2026)

ცოტნე ივანიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე გათენდა. კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალება ჩვენი ერისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. მის უწმინდესობასთან პირველად შეხვედრის ბედნიერება ძალიან პატარა ასაკში მხვდა წილად და არასდროს დამავიწყდება განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა. პატრიარქი ისეთ გასაოცარ სიმშვიდესა და სათნოებას ასხივებდა, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია. ღრმა მწუხარებითა და ტკივილით ვუსამძიმრებ დედა ეკლესიას და ამ უმძიმეს წუთებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს სიმტკიცეს ვუსურვებ.

ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულები უამრავი სირთულითა და განსაცდელით იყო აღსავსე, მისმა უწმინდესობამ კი, საქართველოსთვის გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენი ხალხის სულიერი მამის ურთულესი მისია იტვირთა და ქართველი ერი ბეწვის ხიდზე ღირსეულად გამოატარა. განვლილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია მეორე მუხლჩაუხრელად იდგა სამშობლოსა და რწმენის სადარაჯოზე, ამიტომ თითოეული ქართველისთვის უდიდეს იმედს და მტკიცე საყრდენს წარმოადგენდა, მისი სახელი კი სიყვარულის, სიკეთის, მამობრივი მზრუნველობის, სიბრძნისა და შენდობის სიმბოლოდ იქცა.

ილია მეორის ხსოვნა ჩვენს გულებში მარადიულად დარჩება, მისი განუზომლად დიდი ღვაწლი კი საქართველოს ისტორიიდან არასოდეს წაიშლება და კიდევ დიდი ხნის მანძილზე გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნავს ცოტნე ივანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე