
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, რუსეთთან საბრძოლველად რაკეტების დეფიციტი ემუქრება.
BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის, ისრაელსა და ირანს შორის ხანგრძლივი ომი სურს, რადგან ეს კიევს დაასუსტებს და აშშ-ის რესურსების სხვაგან გადამისამართებას გამოიწვევს.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია ვლადიმერ პუტინისთვის ხელსაყრელია, რადგან იწვევს ენერგორესურსების ფასების ზრდას, რაც უკრაინისთვის პრობლემას წარმოადგენს და ასევე, შესაძლოა, რაკეტების დეფიციტიც გამოიწვიოს.
„პუტინისთვის ირანში ხანგრძლივი ომი პლიუსია. ენერგორესურსების ფასებთან ერთად, ეს ნიშნავს აშშ-ის რეზერვების და საჰაერო თავდაცვის მწარმოებლების შემცირებას. ამიტომ ჩვენ [უკრაინას] რესურსების მარაგი გვეწურება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, იქნება პატრიოტის რაკეტების დეფიციტი გამოწვევას შექმნის და ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, „როდის ამოიწურება ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა მარაგი".
„ამერიკა თვეში 60-65 რაკეტას აწარმოებს. წარმოიდგინეთ, თვეში 65 რაკეტა წელიწადში დაახლოებით 700-800 რაკეტაა, რომელიც ყოველწლიურად იწარმოება. ახლო აღმოსავლეთის ომის პირველ დღეს კი 803 რაკეტა გამოიყენეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიციაზე და განაცხადა, რომ მას სურს იყოს მომლაპარაკებელი და არა ის, რომ რომელიმე მხარე დაიჭიროს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება, მაგრამ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მრჩევლებმა აირჩიეს პუტინთან მჭიდრო დიალოგის სტრატეგია და ცდილობენ, „არ გააღიზიანონ ის, რადგან ევროპამ გააღიზიანა და პუტინს ევროპასთან საუბარი არ სურს".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო უკრაინის ფრონტი უყურადღებოდ არის დარჩენილი, მაგრამ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.
„ფაქტია, რომ დრონების დეფიციტი 28 თებერვლამდე შეინიშნებოდა, სანამ ირან-ამერიკა-ისრაელის ამბები დაიწყებოდა. ამას არამხოლოდ ოფიციალური კიევი აღიარებდა, არამედ მისი მოკავშირე სხვადასხვა დასავლური ქვეყანა, რომლებიც იძახდნენ, სამხედრო შეიარაღების მიწოდება გვიანდებოდა და არასაკმარისი რაოდენობით ჩადიოდა.
რასაკვირველია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები უკრაინაზე ცუდად აისახება, რადგან მათი ფრონტის ხაზი უყურადღებოდ რჩება. გარდა იმისა, რომ ტრამპი იძახის კიევმა მოსკოვის შეთავაზება უნდა მიიღოს, ახლა ფინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა მოუწევსო.
ირანში მიმდინარე პროცესების გამო უკრაინის საკითხი დროებით უკან არის ჩაჩოჩებული, მაგრამ, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება. სამწუხაროდ, პროცესები უკრაინელების ინტერესების საწინააღმდეგოდ წავა, რადგან როცა უკრაინის ახლო მოკავშირე ფინეთი ამბობს, რომ კიევს მოუწევს ტერიტორიების დეფაქტოდ დათმობა, რასაკვირველია, ზელენსკის ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენენ.
მერე ჩნდება კითხვა, რა არის ეს უსაფრთხოების გარანტიები? დამატებითი სამხედრო შეიარაღება განლაგებული უკრაინის დროშის ქვეშ? იქიდან გამომდინარე, რომ მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არარეალურია, თუ სხვა რამ? ეს ძალიან დიდი დილემაა, რისი გადაწყვეტაც თავად დასავლელ აქტორებს მოუწევთ, მაგრამ როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე პროცესები შეჩერებულია", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



