თამთა ჩაჩანიძე
(18.03.2026)

ხელისუფლება დიალოგში შესვლის წინაპირობად ოპოზიციის მხრდან მისი ლეგიტიმაციის აღიარებას ითხოვს - "ოცნების" ოპონენტები კი ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. არის თუ არა რომელიმე მხარე კომპრომისებზე წამსვლელი - ჯერჯერობით კონტურები არ იკვეთება.

ანალიტიკოსები ფოქრობენ, რომ ამ პოლიტიკური მოცემულობით, ხელისუფლება არც ახალ საპარლამენტო არჩანიშნავს და არც პატიმრებს გაათავისუფლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ანალიტიკოსებს ეეჭვებათ, რომ მათ ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ.

ვინ რას ითხოვს

"ლელოში" აცხადებენ, რომ დიალოგი ორი საკითხის გარშემო შეიძლება.

"კრიზისის გადაჭრა შესაძლებელია დიალოგით ორი საკითხის გარშემო: ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლება", - განაცხადა "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს ახალი ოპოზიციური ალიანსიც, თუმცა, მმართველ პარტიასთან დიალოგის დაწყება არ სურს.

15 მარტს "ლელომ" განაცხადა, რომ „აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა" და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების" მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა".

"ლელოს" შეთავაზება კი "ოცნებამ" არ მიიღო. განაცხადეს, რომ "კონსტიტუციის და სისხლის სამართლის დამნაშავეებთან" დიალოგს არ აპირებენ.

მანამდე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერებმა "ჯერ აღიარონ ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი".

რა კომპრომისზე წავა ხელისუფლება

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, ამ მოცემულობით ჩანს, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წამსვლელი არაა.

"ქართული ოცნება" იგივე პოლიტიკას აგრძელებს, როგორიც ბოლო პერიოდში ჰქონდა და არანაირი მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება ამ პოლიტიკაში რაიმე შეიცვალოს, ჩემი აზრით, ჯერჯერობით არაა. ხელისუფლებამ არ მგონია ნაბიჯი გადადგას.

"ერთ-ერთი ნიშანდობლივი ისიცაა, რომ ხელისუფლება სანამ რაიმე კომპრომისზე წავა, ლეგიტიმაციას ითხოვს და ოპოზიცია რომ ამ კომპრომისზე წავიდეს, არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ხელისუფლება რაიმე საპასუხო ნაბიჯს გადადგამს",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არც ახალ არჩევნების დათმობაზე წავა და არც პატიმრების გათავისუფლებაზე.

  • ედიშერ გვენეტაძე: "დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ ორ საკითხზე არცერთ შემთხვევისთვის არ წავა. თუ წავა, ეს იქნება სახელმწიფოსთვის ყელის გამოჭრა"

"ახალი არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნოს და არც დაინიშნება 2028 წლამდე, რადგან ამის არავითარი შესაბამისი პირობები არ არსებობს. ერთი რამ მაკვირვებს - თუ ხელისუფლება არალეგიტიმურია, როგორ ანიშნინებ მას არჩევნებს, ის დანიშნული არჩევნები ლეგიტიმური იქნება?

"არ ვიცი საქართველოში პოლიტპატიმარი ვინაა, პოლიტპატიმარია ის ხალხი, ვინც პარლამენტის შენობას უტევდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა? რომელმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ეს პოლიტპატიმარია და ეს არაო? ვინმეს წარმოუდგენია, რომ ხოშტარია პოლიტპატიმარია? რომელმაც კანონი სპეციალურად დაარღვია და ციხეში ჩაჯდა, ანდაც სხვები.

"დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ ორ საკითხზე არცერთ შემთხვევისთვის არ წავა. თუ წავა, ეს იქნება სახელმწიფოსთვის ყელის გამოჭრა",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას დათმობს ოპოზიცია

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ოპოზოციის მოთხოვნები ბუნებრივია, მის ხელში სხვა მექანიზმი არაა, ამიტომაც ამას ინარჩუნებს და არ დათმობს.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "ოპოზიციის ხელში არანაირი სხვა მექანიზმი არაა გარდა იმისა, რომ ამ მოთხოვნებს ინარჩუნებს. ხელისუფლება რა თქმა უნდა უფრო ძლიერია და პირველ რიგში მან უნდა გადადგას რაიმე ნაბიჯი"

"ოპოზიციას მოთხოვნები აქვს, რადგან ხელისუფლებას არ ენდობა, რაც სრულიად ბუნებრივია. ითხოვს, რომ ჯერ პოლიტპატიმრები გათავისუფლდეს, ანუ ხელისუფლებამ რაიმე რეალური ნაბიჯი გადადგას იქითკენ, სადაც გამოჩნდება, რომ რაღაცნაირად ის მზადაა, რომ თავისი პოლიტიკა შეცვალოს და შემდეგ შეიძლება რაიმე სერიოზულზე ლაპარაკი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მოხერხდეს.

"ოპოზიციას სხვა არაფერი არ შეუძლია. ოპოზიციის ხელში არანაირი სხვა მექანიზმი არაა გარდა იმისა, რომ ამ მოთხოვნებს ინარჩუნებს. ხელისუფლება რა თქმა უნდა უფრო ძლიერია და პირველ რიგში მან უნდა გადადგას რაიმე ნაბიჯი, თუ მას სერიოზულად და რეალურად აქვს მიზანი იმის, რომ პოლიტიკა შეცვალოს",- დასძენს ძაბირაძე.

ედიშერ გვენეტაძე გვეუბნება, რომ აღიარებს თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ეს არაფერს არ ცვლის.

"ოპოზიცია, რომელშიც ის 9 პარტიაა გაერთიანებული, ესენი ყველანი "ნაცმოძრაობაა". ენმ-სა და მისგან გამომავალ პარტიებზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი, ამათი აკრძალვის შესახებ და ესენი ცდილობენ რამენაირად საკუთარი თავი გადაირჩინონ. მათ გინდა თქვან, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურიაო, გინდა არა, ეს არაფერს არ ცვლის",- განაცხადა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე