მარიამ ვეკუა
(18.03.2026)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო. სამძიმრის წერილები, ადგილობრივი და საერთაშორისო სოლიდარობა კი ხაზს უსვამს მისი გავლენის მასშტაბს საქართველოში და მსოფლიო მართლმადიდებლურ თანამეგობრობაში.

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) საზოგადოებას წმინდა სინოდის განჩინება გააცნო. როგორც მიტროპოლიტმა თეოდორემ აღნიშნა, წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

გლოვის დღეები უდგას საქართველოს, მართლამდიდებელი ქრისტიანები 49 წლიანი პატრიარქობის შემდეგ, ილია II -ს ემშვიდობებიან.

პატრიარქის სურვილი, მეუფე იობმა გააჟღერა, აღმოჩნდა, რომ ილია მეორემ სიცოცხლეშივე ახლობლებს განუცხადა, რომ სიონის ტაძარში დაეკრძალათ.

„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი.

ეპოქალური პიროვნება [იყო]. ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს. ამას კიდევ ამ დღეებში გამოხატავს მთელი მოსახლეობა, სანამ დაიკრძალება. უცხოეთიდანაც მობრძანდებიან", - განაცხადა მეუფე იობმა.

მანამდე პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

რაც შეეხება გლოვის დღეებს, მთავრობის გადაწყვეტილებით ის კვირის ჩათვლით დაკრძალვამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში.

  • გლოვის დღეები, მთავრობის გადაწყვეტილებით ის კვირის ჩათვლით დაკრძალვამდე გაგრძელდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება",- ნათქვამია განცხადებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პატრიარქის სურვილი

წმინდა სინოდის დაწყებამდე, მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქის სურვილი იყო ახალი პატრიარქის არჩევაში ხელიუსუფლება არ ჩარეულიყო.

„მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ აუცილებელია, რომ ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მოხდეს [პატრიარქის არჩევა]. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ვიღაც-ვიღაცეებს შეიძლება ჰქონდეთ ამის სურვილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს პირველი მომენტი დგება ცხოვრებაში და... მე გუშინ განვაცხადე, და ეს მარტო ჩემი აზრი არ იყო, პატრიარქმა მითხრა თავის დროზე, რომ მე ეს უნდა მეთქვა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და პატრიარქი უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა სრულიად თავიანთი გადაწყვეტილებით. [შესაძლო ჩარევა] არა, ხელისუფლებიდან არა. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ეს შეცდომები არ იქნება დაშვებული. როგორ წარიმართება, ვინ საიდან ჩაერევა, ხელისუფლება შეიძლება არ იყოს და რაღაც უფრო სხვა რამ", - განაცხადა მეუფე ზენონმა.

მისი თქმით, მას პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ უთხრა, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში არავინ უნდა ჩაერიოს.

„როცა მოსაყდრის თემა იდგა, რომელი წელი იყო არ ვიცი. გუშინ მე გავიხსენე ეპიზოდი, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი და მან თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო. ეს მაფიქრებს ძალიანო. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი - ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება!" - განაცხადა მეუფე ზენონმა.

შეგახსენებთ, 2017 წელს, ილია II- მ, თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

სოლიდარობა და საერთაშორისო გამოხმაურებები

მწუხარების წერილები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სოლიდარობა, არ წყდება.

საქართველოში აშშ-ის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ავსტრიის საელჩოც უერთდება მართლმადიდებელი ქრსიტიანების მწუხარებას,

„ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ ",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ქართულ ენაზე ვრცელდება

განცხადებებს ავრცელებენ შვედეთის, პოლონეთის, საფრნაგეთის, სლვაკეთის ლიტვის საელჩოები. ამ ქვეყნების სია კი უფრო დაუფრო იზრდება.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომელმაც ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში..

ვრცელ სამძიმრის წერილს ავრცელებს რუსეთის პატრიარქი:

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მძიმე დანაკლისის გამო", - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

1977-2026

ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი - 1933 წლის 4 იანვარს გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა, ქალაქ ვლადიკავკაზში.1977 წლის 23 დეკემბერს სიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 კრებაზე ილია შიოლაშვილი, რომელიც იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, ეკლესიის მეთაურად აირჩიეს.მან მიიღო წოდება - „უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი"; მოგვიანებით ამ წოდებას დაემატა „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე