
"პატრიარქის აღსაყდრებით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელსაც ჰქვია ქართლის მეორედ მოქცევა", - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა "რუსთავი 2-ის"ეთერში განაცხადა, სადაც სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეების საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მოღვაწეობას იხსენებენ.
მეუფე დანიელის თქმით, კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო მძიმე მემკვიდრეობა, რადგან საზოგადოება დაცილებული იყო ღმერთსა და ეკლესია, თუმცა ქართველი ერი გრძნობდა, რომ მისი აღსაყდრების პირველივე დღიდან ახალი ეპოქა დაიწყო.
"უპირველეს ყოვლისა, ყველას მინდა მივუსამძიმრო ამ დიდი ტკივილის გამო, პატრიარქის გარდაცვალების გამო და ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ყველანი გაგვაერთიანა პატრიარქის სიყვარულმა.
კიდევ ერთხელ, განვიცადეთ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც მის მოღვაწეობას. ვიტყოდი, რომ პატრიარქის აღსაყდრებით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელსაც ჰქვია ქართლის მეორედ მოქცევა.
არასოდეს ერი არ ყოფილა ისე დაცილებული ღმერთს, დედა ეკლესიას, სარწმუნოებას, როგორც ეს იყო ბოლო საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-19 და მე-20 საუკუნეში. წარმოუდგენელი იყო ის მდგომარეობა, რაც დახვდა ილია მეორეს დედა ეკლესიაში. განადგურების პირას იყო მისული ეკლესია და წარმოუდგენელი იყო, რომ, ისევ და ისევ, ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდის პირობებში, დაწყებულიყო აღორძინება.
ვხედავთ, რომ პირველივე დღე, მისი აღსაყდრებიდან იყო ქართველი ერისთვის განცდა, რომ დაიწყო ახალი ეპოქა", - განაცხადა მეუფე დანიელმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



