რეზონანსი
(19.03.2026)

ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, ვინც იქ იყო, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იყვნენ ჩვენთან ერთად, ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, საყვედური არ გვაქვს სათქმელი ღმერთთან იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი, - განაცხადა დიპლომატმა, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე საუბრისას.

მისივე თქმით, ილია II გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, კულტურულ და სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტურ პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას.

“ჩვენ ვებრძოლეთ ღმერთს, როგორც იაკობი, ვეჭიდავეთ ღმერთს ეს დღეები, ეს წლები და ეს პერიოდი, ვეჭიდავეთ ღმერთს მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ ღვთისადმი დიდი პატივისცემით, ისეთი პატივისცემით, როგორიც გვასწავლა და როგორც გაგვზარდა. ჩვენ ღმერთთან ურთიერთობის ზღვარი არ გადაგვილახავს, მაგრამ ვუთხარით მას, რომ მადლიერებით ვუშვებთ ღმერთთან, არ გვაქვს სამდურავი ღმერთთან და მინდა ვუთხრა ყველას, ვინც დამწუხრებულია, ვისაც ბურთი აქვს ყელში, ვინც ვერ ხედავს მომავლის პერსპექტივას, იმედს და ვინც სვამს კითხვას, რა გვეშველება - ყველაფერი კარგად იქნება - ეს მისი სიტყვებია, მისი შთაგონებაა და რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩვენ არ გვჯეროდა, როცა ის გვეუბნებოდა, რომ წყალი წავა, წამოვა და თავის საგუბარში ჩადგებაო და მართლა ყველაფერი კარგად შემოტრიალებულა. ახლაც ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ჟვანიას თქმით, ილია II-მ დოგმები და სტიგმები გაარღვია, რომლებიც ეკლესიისა და ადამიანების მიერ ორი ათასი წლის მანძილზე იყო დამკვიდრებული.

„მომავალში სიცარიელეს ვიგრძნობთ, მაგრამ დღეს ვერავინ გავზომავთ, რამხელა იქნება ეს სიცარიელე ისევე, როგორც 70-იანი წლების ბოლოს, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის დროს ვერავინ გაზომავდა, თუ რამხელაზე გაიჭრებოდა მისი მოღვაწეობა და რამხელაზე გასცდებოდა საქართველოს მასშტაბებს და მან ეს ჯერ კიდევ 80-იან წლებში მოახერხა, სრულიად ახალგაზრდამ, როცა რეალურად საქართველო მოკლებული იყო საგარეო ურთიერთობების დამოუკიდებლად წარმოებას, მან ეს შეძლო და გახდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის შტაბ-ბინაც ჟენევაში იყო. 

ის გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, კულტურულ და სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტურ პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას. როცა ადამიანი აღწევს გარკვეულ სულიერ სიმაღლეებს, იქ უკვე ჩარჩოები აღარ არის. იმ დოგმატებზე, რომლითაც ეკლესია უკვე ორი ათასი წელია მოდის, იმ ადამიანების მიერ შექმნილ წესებზე მაღლა დგები, უწმინდესმა კი ეს გააკეთა. მაგალითად, ზოგიერთი მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, თეატრალურ სანახაობებზე წასვლა გეკრძალება, საოპერო მუსიკა აკრძალულია. ილია II-მ, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, რომ ეს აკრძალული კი არა, ეს კულტურაა და შენ ამის ნაწილი უნდა იყო, მან თავად დაიწყო საოპერო მუსიკის შექმნა. ყველა შესაძლებელ დროსა და შემთხვევაში ის მიდიოდა თეატრალური წარმოდგენის საყურებლად, ის იღებდა მსახიობებს, რომელიც გარკვეული პერიოდი აკრძალული პროფესია იყო ეკლესიის მიერ. ის გაიჭრა და გაცდა იმ დადგენილ ჩარჩოებსა და სტიგმებს და ამით შეიყვანა ხალხში რწმენა“, - განაცხადა ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე