
ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა". მე დავსვამ კითხვას: რა არის ეს თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა არის ეს თუ არა პირობა პატრიარქის, აწ უკვე აღსრულებული: „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში,- ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პატრიარქს უნდოდა ბედნიერი საქართველო, უნდოდა უკეთესი საქართველო და ჩვენ ეს საქართველო მივიღეთ. მისივე თქმით, პატრიარქის აღზრდილი ქართველი ერი, ეკლესია, მას არასდროს უღალატებს.
„ვიზიარებ თითოეული თქვენგანის მწუხარებას, ტკივილს. ძალიან მძიმე დღეებია თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის და არ შევცდები თუ ვიტყვი - სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის და არა მხოლოდ. ძალიან რთული იყო დღეს მსახურება, წირვის ჩატარება და პირველად მოგვიწია მსახურებაში ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, როგორც აწ უკვე გარდაცვლილის მოხსენიება. ძალიან გაჭირდა იმ სიტყვების თქმა, სადაც მწირველი ამბობს: „პირველად მოიხსენე უფალო უწმინდესი და უნეტარესი" და დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ამ ლოცვაში ვერ მოვიხსენეთ და საერთოდ ყველა მსახურება, რომელსაც ჩვენ აღვავლენთ და ყოველი დღე, ვიდრე ერთი წელი შესრულდება, ყოველთვის იქნება პირველი პატრიარქის ხორციელად ჩვენს გვერდით ყოფნის გარეშე და ყოველი ეს დღე, ყოველი ეს ლოცვა, მსახურება, ყოველი ქმედება იქნება ძალიან რთული, ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი ნუგეშის მომცემი, რადგანაც პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, სადაც „მართალნი განისვენებენ". ვის, თუ არა პატრიარქს, ბევრი მცდელობის მიუხედავად, შეეძლო ქართველი ერის გამთლიანება, ქართველი ერის ეკლესიის წიაღში მოქცევა. მე დღეს ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი ერთს - ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა". მე დავსვამ კითხვას, რა არის ეს თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში., რა არის ეს თუ არა პირობა პატრიარქის, აწ უკვე აღსრულებული: „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში". ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა, სიტყვა შეუსრულებელი დატოვა. პატრიარქი წაბრძანდა მისთვის ღირსეულად განკუთვნილ ადგილას, ზეციურ სასუფეველში და ჩვენ მივყავართ, ერი მიჰყავს. არა მხოლოდ ტაძარში მოიყვანა პატრიარქმა ერი, არამედ მიჰყავს იქ, სადაც უნდა წავიდეთ, იქ, სადაც ქართველი ერის, ქართველი ადამიანის, ყოველი ეკლესიის ღირსეული შვილის ადგილია. პატრიარქზე ძალიან რთულია - ჯერ აწმყოში გვიჭირდა მასზე საუბარი და დღეს ძალიან ძნელია ყველაფერი ერთ სიტყვაში ჩაატიო. პატრიარქს უნდოდა ბედნიერი საქართველო, უნდოდა უკეთესი საქართველო და ჩვენ ეს საქართველო მივიღეთ და მე ღრმად მწამს, რომ ეს არ დაიკარგება და მე მინდა თქვენთან ერთად ვუთხრა, თუმცა მიჭირს, მაგრამ მაინც, ჩვენს ტკბილ და უსაყვარლეს, ჩვენს პატრიარქს, რომ მისი აღზრდილი ქართველი ერი, ჩვენი ეკლესია, მას არასდროს უღალატებს. ვიქნებით იმაზე უკეთესები და ისეთები, როგორებიც მას სურდა. მე, როგორც ერთი ცოდვილი მღვდელმთავარი, ვაძლევ პირობას ჩემს და ჩვენს სიყვარულის პატრიარქს, აუცილებლად გავხდებით უკეთესები, აუცილებლად გავხდებით ისეთები, როგორიც მას სურდა და მან შეგვაძლებინა ამ დღეებში, რომ ასეთები ვიყოთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამ ძალისხმევისთვის, ამ სიყვარულისთვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ძალიან ბედნიერია და თავაწეული მიდის სასუფეველში. ერთხელ გვითხრა პატრიარქმა მღვდელმთავრებს, - დღეს რომ წავიდეო, გული არ დამწყდება, იმიტომ, რომ თქვენ გტოვებთო. მართლაც, ყველამ აჩვენა, რომ შეიძლება პატრიარქს ბევრჯერ დავწყვიტეთ გული ამ ცხოვრებაში და ვერ გავუფრთხილდით, მაგრამ დღეს ნამდვილად აჩვენა ქართველმა ერმა, რომ ჩვენ პატრიარქს გულს არ დავწყვეტთ და არასდროს დავივიწყებთ მის არც ერთ სიტყვას, არაფერს ვამბობ მის დიდებულ სახელზე, ეს იქნება თითოეული ჩვენგანის გულში ოქროს ასოცებით ჩაწერილი. მადლობა თქვენ, ძვირფასო პატრიარქო და შენდობას გთხოვთ იმისთვის, რაც ვერ გაგიკეთეთ, რა ვერ შევასრულეთ, რა ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მისი ლოცვით, მწამს, რომ ის, რაც ვერ გავაკეთეთ, მომავალში გავაკეთებთ. ღვთის მადლით განისვენოს მისმა უკვდავმა, ძვირფასმა, ნეტარმა სულმა და მისი ლოცვით თითოეული თქვენგანი, ყოველი ქართველი, სრულიად საქართველო და ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ შენატრის პატრიარქის ლოცვას, მისი ლოცვით ღმერთმა ყველა გააძლიეროს და აცხონოს, ზეციურ სასუფეველში დაამკვიდროს, როდესაც ამის დრო მოვა და რატომღაც მგონია და გავიმეორებ პატრიარქის სიტყვებს, რომ ეს მალე იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!"- განაცხადა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



