
ხვალ, 12:00 საათზე იქნება წესის აგება და ალბათ, 14:00 საათზე გასვენება, წესის აგებას, ბართოლომეოსი ჩაუდგება სათავეში, რა თქმა უნდა, უპირატესი მღვდელმთავარია, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მიტროპოლიტის თქმით, 22 მარტს, პატრიარქის დაკრძალვის დღეს მოქალაქეებს სამების ტაძრის ეზოში ყოფნის საშუალება მიეცემათ, თუმცა მისი შეფასებით, ყველა მსურველს ეზოც ვერ დაიტევს.
„დღეს კიდევ შესაძლებელია ტაძარში მოსვლა და ხვალ, შიგნით ტაძარში შესვლა იქნება უბრალოდ შეუძლებელი იმიტომ, რომ უამრავი დელეგაცია ჩამოდის და მათ გარეთ ხომ არ დავტოვებთ? უნდა შემოვიყვანოთ, არ ვიცი, ყველაფერი ვიფიქრეთ და ბოლოს ასე გადაწყდა. ალბათ, ეზოში იქნება საშუალება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ეზოც ვერ დაიტევს ყველა მსურველს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ხალხის ნაკადის მისვლა გაგრძელდება სიონის ტაძარშიც, სადაც პატრიარქი დაიკრძალება.
„რაც შეეხება სიონში გადასვენებას, არ ვიცი, ეს რამხელა პროცესია იქნება, მაგრამ ტაძარში შესვლა დაკრძალვის დროს, სრულებით წარმოუდგენელი იქნება იმიტომ, რომ პატარაა სიონის ტაძარი და სამება თუ ვერ იტევს ხალხს, მით უმეტეს სიონი ვერ დაიტევს. მე ვფიქრობ, რომ დაიკრძალება, აი, მერე რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უდიდესი ნაკადი და როგორ შეცვლის ეს ტაძრის მსახურებას ეს ერთია და მეორე- ქალაქი ტრანსპორტის მოძრაობას იმიტომ, რომ სიონში ძირითადად, სანაპიროდან არის შესვლა და არ ვიცი, ალბათ გადაკეტილი იქნება ყველაფერი იმიტომ, რომ ალბათ, არ შეწყდება ხალხის ეს ნაკადი. ვინც ახლა მოდის, საათობით დგას რიგში, იზრდება საათობით დგომის რაოდენობა, გუშინ და გუშინ წინ 4 საათი იდგენენ და ხალხი, ალბათ, ასე გააგრძელებს მოსვლას.
ხვალ, სამების ტაძარი რომელ საათამდე იქნება ღია, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ დილის 06:00 - 07:00 საათამდე იმიტომ, რომ მერე აუცილებლად უნდა დაიკეტოს. მერე გადაიკეტება ხალხის ნაკადიც იმიტომ, რომ უნდა მოვემზადოთ წირვის ჩასატარებლად.
მსოფლიო პატრიარქი თვითმფრინავით 11 საათზე ჩამოფრინდება და პირდაპირ აეროპორტიდან მოვა. იმედია, რეისი არ დააგვიანებს და თუ ეს ყველაფერი განრიგის მიხედვით იქნება, 12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და სინოდის წევრები. სინოდის მღვდელმთავრები იქნებიან და ასე გადაწყდა, რომ 12 მღვდელი იქნება და 7 დიაკონი, ისინიც, ვინც ამ ტაძარში მსახურობენ და დანარჩენები, ე.ი. მღვდლები, თუ მოხვდებიან კიდევაც ტაძარში - მხოლოდ სპეციალური საშვებით", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
სასულიერო პირის თქმით, პატრიარქის დაკრძალვაზე დელეგაციებს ელოდებიან ყველა მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ეკლესიიდან,
„ყველა ავტოკეფალიური, თუ ავტონომიური [წარმომადგენლობა], ყველა აპირებს ჩამოსვლას, ოღონდ, წარმოდგენილი იქნება ოთხი პირველი იერარქი: მსოფლიო პატრიარქი და კიდევ სამი პირველ იერარქი, დანარჩენები დელეგაციებია. 12:00 საათზე იქნება წესის აგება და ალბათ, 14:00 საათზე გასვენება. წესის აგებას, ბართოლომეოსი ჩაუდგება სათავეში, რა თქმა უნდა. უპირატესი მღვდელმთავარია და ის ჩაუდგება სათავეში"- განაცხადა მეუფე ნიკოლომა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



