ნატალია ჯვარიძე
(21.03.2026)

კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოცნება იყო ერის გამთლიანება, ურთიერთმიტევება და შერიგება - ამის შესახებ პატრიარქთა დაანხოებული სასულიერო თუ საერო პირები ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ. ამის საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ პატრიარქის ამ სურვილის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა შეიძლება ანტისახელისუფლებო აქციების დროს დაკავებულები შეიწყალოს. რამდენად რეალურია ასეთი რამ და რა შედეგს მოიტანს?

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ქართულ ოცნებას" უნიკალური შანსი აქვს, შეიწყალოს აქციების დროს დაკავებულები და ქულები ჩაიწეროს. ამით ერი არ გაერთიანდება, მაგრამ ილუზია შეიქმნება, რომ „ქართული ოცნება" სწორ ნაბიჯებს დგამს."

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ახლა შეწყალებისათვის უნიკალური შანსი აქვს და ეს ნაბიჯი მას პოლიტიკურ ქულებს მოუტანს.

„ოპოზიციის და ხელისუფლების გამთლიანება არ მოხდება. პატრიარქს ეს ძალიან უნდოდა და ტკივილი წაიღო. მისი სიკვდილის შემდეგ ამის განხორციელება თითქმის გამორიცხულია. თუმცა ის, რომ „ქართულ ოცნებას" უნიკალური შანსი აქვს, შეიწყალოს აქციების დროს დაკავებულები და ქულები ჩაიწეროს, უკვე რეალურია. ვფიქრობ, ხელისუფლება ამაზე უნდა წავიდეს. ამით ერი არ გაერთიანდება, მაგრამ ილუზია შეიქმნება, რომ „ქართული ოცნება" სწორ ნაბიჯებს დგამს. ამიტომ მათთვის კარგი იქნება.

„გულის სიღრმეში ალბათ ბედნიერები არიან, რომ ეს მოხდა არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე. იქამდე სამი წელია და ეს ერთობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაცხრება. მერე შანსი ექნება, რომ სიტუაცია მართოს. 2028 წლისთვის ახალი პატრიარქი ვერ იქნება ისეთი ავტორიტეტული, როგორც ილია მეორე იყო, ვინაიდან ამას დრო სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის აღარ შეეშინდებათ. აქამდე ეკლესიას ანგარიშს უწევდნენ. „ქართულ ოცნებას" საქმე გაუმარტივდა, აღარ მოუწევს ეფეროს საპატრიარქოს. ამიტომ ას მგონია, რომ რაც ახლა ხდება, ამას „ოცნება" თავის სასარგებლოდ გამოიყენებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება შეწყალებაზე არ წავა.

„ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ" შეწყალებაზე ნაბიჯი არ უნდა გადადგას. რა თქმა უნდა, პატრიარქი, როგორც ერის სულიერი მამა, გამთლიანებისკენ ყოველთვის მოუწოდებდა. ეს ეკლესიის მხრიდან სავსებით გასაგები მოწოდებაა. თუმცა საკითხავია, რა ხდება საერო ნაწილში, სადაც დაპირისპირების იმხელა დონეა, რომ შემობრუნების წერტილი დაკარგულია. შესაბამისად, პოლიტიკური ოპოზიციის ერთი მხარე ისე იქცევა, რომ გამორიცხავს, ან ძალიან მცირე შანსს ტოვებს იმისთვის, რომ შერიგების მსგავსი რამ მოხდეს. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ამ ეტაპზე შერიგება და ურთიერთმიტევება არ გამოა.

 

  • ზაალ ანჯაფარიძე: „რომც შეიწყალოს, დამიჯერეთ, ამას არავითარი შედეგი არ ექნება. მეორე მხარე ჩათვლის, რომ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე „ოცნება" შეშინებულია და გადარჩენის გზებს ეძებს."

„რაც შეეხება შეწყალებას, მე სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ შეწყალების შედეგად ქვეყანამ ახალი პრობლემები არ უნდა მიიღოს. ეს ეხებოდა რადიკალური აქციების დროს დაკავებულებს. ამიტომ მე ნაკლებად ველოდები შეწყალებას.

„რომც შეიწყალოს, დამიჯერეთ, ამას არავითარი შედეგი არ ექნება. მეორე მხარე ჩათვლის, რომ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე „ოცნება" შეშინებულია და გადარჩენის გზებს ეძებს. ამიტომ ეს ფუჭი გასროლა იქნება და ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებამ ეს იცის, ვინაიდან ეს ჩვეულებრივი შეწყალება არ არის, ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. რადიკალური ოპოზიცია იძახის, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი მხოლოდ მთავრობის გადაბარებაზე გვექნებაო. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ შეიწყალოს?" - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე