
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რო პატრიარქს უნდოდა ბედნიერი საქართველო, უნდოდა უკეთესი საქართველო და ჩვენ ეს საქართველო მივიღეთ. პატრიარქის აღზრდილი ქართველი ერი, ეკლესია, მას არასდროს უღალატებს.
„ვის, თუ არა პატრიარქს, ბევრი მცდელობის მიუხედავად, შეეძლო ქართველი ერის გამთლიანება, ქართველი
ერის ეკლესიის წიაღში მოქცევა. მე დღეს ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი ერთს - ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა როდესაც მან ბრძანა - მე უფალი მაშინ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას, რა არის ეს თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში? რა არის ეს თუ არა პირობა პატრიარქის, აწ უკვე აღსრულებული: „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში“. ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა, სიტყვა შეუსრულებელი დატოვა.
პატრიარქი წაბრძანდა მისთვის ღირსეულად განკუთვნილ ადგილას, ზეციურ სასუფეველში და ჩვენ მივყავართ, ერი მიჰყავს. არა მხოლოდ ტაძარში მოიყვანა პატრიარქმა ერი, არამედ მიჰყავს იქ, სადაც უნდა წავიდეთ, იქ, სადაც ქართველი ერის, ქართველი ადამიანის, ყოველი ეკლესიის ღირსეული შვილის ადგილია. პატრიარქზე ძალიან რთულია - ჯერ აწმყოში გვიჭირდა მასზე საუბარი და დღეს ძალიან ძნელია ყველაფერი ერთ სიტყვაში ჩაატიო.
პატრიარქს უნდოდა ბედნიერი საქართველო, უნდოდა უკეთესი საქართველო და ჩვენ ეს საქართველო მივიღეთ და მე ღრმად მწამს, რომ ეს არ დაიკარგება და მე მინდა თქვენთან ერთად ვუთხრა, თუმცა მიჭირს, მაგრამ მაინც, ჩვენს ტკბილ და უსაყვარლეს, ჩვენს პატრიარქს, რომ მისი აღზრდილი ქართველი ერი, ჩვენი ეკლესია, მას არასდროს უღალატებს. ვიქნებით იმაზე უკეთესები და ისეთები, როგორებიც მას სურდა. მე, როგორც ერთი ცოდვილი მღვდელმთავარი, ვაძლევ პირობას ჩემს და ჩვენს სიყვარულის პატრიარქს, აუცილებლად გავხდებით უკეთესები, აუცილებლად გავხდებით ისეთები, როგორიც მას სურდა და მან შეგვაძლებინა ამ დღეებში, რომ ასეთები ვიყოთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამ ძალისხმევისთვის, ამ სიყვარულისთვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ძალიან ბედნიერია და თავაწეული მიდის სასუფეველში.
ერთხელ გვითხრა პატრიარქმა მღვდელმთავრებს - დღეს რომ წავიდე, გული არ დამწყდება, იმიტომ, რომ თქვენ გტოვებთო. მართლაც, ყველამ აჩვენა, რომ შეიძლება პატრიარქს ბევრჯერ დავწყვიტეთ გული ამ ცხოვრებაში და ვერ გავუფრთხილდით, მაგრამ დღეს ნამდვილად აჩვენა ქართველმა ერმა, რომ ჩვენ პატრიარქს გულს არ დავწყვეტთ და არასდროს დავივიწყებთ მის არც ერთ სიტყვას, არაფერს ვამბობ მის დიდებულ სახელზე, ეს იქნება თითოეული ჩვენგანის გულში ოქროს ასოცებით ჩაწერილი. მადლობა თქვენ, ძვირფასო პატრიარქო და შენდობას გთხოვთ იმისთვის, რაც ვერ გაგიკეთეთ, რა ვერ შევასრულეთ, რა ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მისი ლოცვით, მწამს, რომ ის, რაც ვერ გავაკეთეთ, მომავალში გავაკეთებთ“ - განაცხადა მიტროპოლიტმა საბამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



