რეზონანსი
(26.04.2026)

„ძალის სამართლის“ დომინირების და „შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს“ (სტენლი კრამერის გახმაურებული ფილმია) შემხედვარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, პოლიტიზებულ და „პოლარიზებულ“ თანამემამულეებს გავახსენო, რა დაგვიბარა პატრიარქმა: „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!”. ანუ, მხოლოდ განსჯა-გააზრების შემდეგ იმოქმედეთო...

ფაქტია, სიმართლის მსახურების, სამშობლოს სიყვარულისა და ერის გამოღვიძების მცდელობისთვის ტყვია ჯერ ილია მართალს ვესროლეთ, ბოლოს კი გურამ შარაძე დავხრიტეთ საჯაროდ... „ქართული სულით გაჟღენთილი“ უდიდესი ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელიც ადგილობრივმა „ბოლშევიკებმა“ დასაჯეს სიკვდილით, ხოლო გენიალურ რობიკო სტურუას უკვე იმდენჯერ ვატკინეთ გული კონსტიტუციით („უზენაესი კანონით“) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებისთვის“, შორეულ არგენტინაში ინატრა სიკვდილი...

მადლობა, დიდ რეჟისორს რომ „ვეფხიტყაოსანი“ (საქართველოს არაოფიციალური კონსტიტუცია, ფაქტობრივად, ბიბლია...) გაგვახსენა... თან, ის რაც დიდმა შოთამ პოემის მეორე სტროფშივე ინატრა: 

„ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა!

შენ დამიფარე, ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანისა...“

სპექტაკლის დასაწყისივე „აღასრულა“ და სატანა „დაასამარა“...

არადა, ევროინტეგაციაზე ორიენტირებულმა ქართველებმა ევროპელებისთვის შუასაკუნეებიდან სატანის (ეშმაკის) სიმბოლოდ ცნობილი „ცისკრის ვარსკვლავი“ („ლუციფერი“) სახელმწიფო ჰიმნში „უკვდავყავით“... მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ, მეცნიერების აზრით, სამეფო („გორგასლიან -დავითიან“) დროშებზე წმინდა გიორგი იყო გამოსახული, „რევოლუციურ“ სახელმწიფო დროშად „კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელი და ჯვაროსნულ ეპოქაში შექმნილი“ ხუთჯვრიანი სიმბოლო, თანაც აშკარა კანონდარღვევით „დავაკანონეთ“. შემდეგ უკვე სახელმწიფო გერბზე, რომელიც პარლამენტის დადგენილებით „კვართიან-დავითიანი“ უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ზოგადქრისტიანული სიმბოლო დავტოვეთ და მასაც ორიენტაცია შევუცვალათ („ევროპელი“ წმინდა გიორგი მარჯვნივ არის მიმართული, „ნაციონალური“ - მარცხნივ...). მივიჩნევ, რომ ქართული მიწის გაყიდვაც სრულიად გაუაზრებელად და ნაუცბადევად დავაკანონეთ, მით უმეტეს, რომ ამას ბიბლიაც გვიკრძალავს... 

როდესაც „სტრატეგიულმა პარტნიორებმა“ იუგოსლავიიის დაშლის შემდეგ, უკვე აღმოსავლეთ სლავებიც დაუპირისპირეს ერთმანეთს, დედაეკლესიაც ორად გააყოფინეს და მეხუთე წელია, მართლმადიდებლებს ერთმანეთს ახოცვინებენ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლიც ეყოლებათ მიზანში ამოღებული, რაც ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში „დამოუკიდებელი მედიის“ აქტიურად ჩართვამაც გახადა ნათელი... კარგია, რომ ილია მეორის განსასვენებელზე მის მიერვე შერჩეული ჯვარი გამოვსახეთ, მაგრამ მაინტერესებს რამდენად გონივრულია დაკრძალვის ცერემონიაზე სრულიად სხვა ფორმის დროშების (მით უმეტეს, „ნაციონალურის“...) გამოტანა ან პატრიარქის მესაყდრე სრულიად სხვა ფორმის ჯვარს რომ ანიჭებს უპირატესობას?! 

იმედი მაქვს, მას შემდეგ, რაც სტურუასეულ „ვეფხისტყაოსანში“ სცენაზე არაბეთის რუკა გამოიფინა, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე საქართველოსაც მოვძებნით და უნგრეთსაც, ხოლო ორბანის ჩანაცვლების შემდეგ, მორიგი „რევოლუციისათვის “ მზადების დაწყებამდე, „გეოპოლიტიკურ“ ვითარებასაც ჯეროვნად გავაანალიზებთ... ამასთან, „სამეზობლოს“ გათვალისწინებასთან ერთად, არც ის დაგვავიწყდება, რომ აღდგომა არა მარტო სიცოცხლის სიკვდილსა და სინათლის სიბნელეზე, არამედ სიმართლის უსამართლობაზე (მათ შორის „დაკანონებულ უკანონობაზე“) გამარჯვებასთან ასოცირდება, რაც სამშობლოში შემორჩენილებს ეროვნული ან, თუნდაც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის გარშემო გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე