
ოპოზიციას „ქართული ოცნების" განცხადებაში ეჭვი ეპარება, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ფაქტიურად აღდგენილია, რადგან ფიქრობენ, ხელისუფლება რეალურად არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ ვაშინგტონში სერიოზულად აღიქვან თანამშრომლობის გამოსწორების საჭიროება. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, აქამდე არსებული და დაანონსებული კონტაქტების გათვალისწინებით, შეიძლება მართლაც ითქვას, რომ ურთიერთობები აღდგენილია.
„თუ არ ვცდები, მაგ ფრაზის იქით, რომ ურთიერთობები აღდგენილიაო, ურთიერთობების გარკვეული რიგი იგულისხმებოდა იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე რაღაც კონტაქტები იყო და მომავალშიც ეს გაგრძელდება - ამ კუთხით თუ შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, აღდგენილია. მით უმეტეს, რომ საქართველოში საწყისი ვიზიტი ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა და სახელმწიფო დეპარტამენტიდან ვინც ჩამოვიდა, ის ეკონომიკურ და სტრატეგიულ საკითხებშია კომპეტენტური. მისი (პიტერ ანდრეოლის) მხრიდან ანაკლიის პორტში სტუმრობა შემთხვევითად ვერ ჩაითვლება.
„რაც შეეხება მაისის ვიზიტს, წინასწარ ვიზიტების შეფასება ცოტა არასწორია. ვიზიტი რომ შედგება, მაშინაც კი არ ვიცით და მწყობრი სურათი არ გვაქვს-ხოლმე, რატომ იყო ეს ვიზიტი და რა გაკეთდა."
- „აქამდე რაღაც კონტაქტები იყო და მომავალშიც ეს გაგრძელდება - ამ კუთხით თუ შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, აშშ-სთან ურთიერთობები აღდგენილია"
ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას, საყვარელიძემ ყურადღება გაამახვილა 10 მაისიდან დაანონსებულ ე.წ. კარდაკარსა და ალიანსიდან ენმ-ს გასვლა-არგასვლაზე.
„ძალიან ხშირად, მოსახლეობაში ვინც რა პოზიციაზე დგას, იმ პოზიციაზე რჩება-ხოლმე, მით უმეტეს, რომ არჩევნებამდე დიდი დროა და ადამიანებს არაფერი აიძულებს საიმისოდ, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, ვის უჭერენ მხარს. ამიტომ მეეჭვება, რომ კარდაკარ სიარულმა დიდი შედეგი მისცეს, თან მათი ერთ-ერთი მთავარი წერტილი თბილისია. ამასთანავე, მოსახლეობის რაღაც ნაწილმა შეიძლება არ იცოდეს, რა ხდება და ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ პოზიცია არ ჰქონდეს.
„დედაქალაქში პოლიტიკური ჯგუფების მიმართ პოზიცია მკაფიოა. თან თბილისში ყოველ ღამე პროტესტია, ამის მაყურებელ მაცხოვრებლებს ალბათ გარკვეული პოზიცია აქვთ და საეჭვოდ მიმაჩნია, რომ კარდაკარ სიარულმა ოპოზიციურ ალიანსს რაიმე განსხვავებული შედეგი მისცეს.
„ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსში ყოფნა უჭირს, ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია, დარჩეს თუ არა გაერთიანებაში. მას ანალოგიური გასაჭირი ადრეც ჰქონდა და გარკვეული ალიანსი დაშალა. ენმ-ს ოპოზიციურ პარტიებიდან ყველაზე მეტი ხმა მოაქვს, ამ მიზეზის გამო, დგება საკითხი და სააკაშვილმაც დააყენა, თუ რამდენად მიზანშეწონილია, რომ ყველაზე მეტი ხმა თვითონ მოიტანოს და მერე ეს ხმები სხვა, ნაკლებადეფექტურ პარტიებს აჩუქოს. თან ალიანსის წევრები სააკაშვილის მიმართ საკმაოდ კრიტიკულები არიან და გამორიცხული არაა, რომ მონასტერი აირიოს."
- „ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსში ყოფნა უჭირს, ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია დარჩეს, თუ არა გაერთიანებაში. ანალოგიური გასაჭირი ადრეც ჰქონდა და გარკვეული ალიანსი დაშალა"
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს „ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა და დემოკრატიულ სისტემაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ადგილი არ უნდა იყოს". ამასთან, „ქართულმა ოცნებამ" 20 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართა პარტიების აკრძალვის თაობაზე, სადაც ენმ-სთან, „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელოსთან" ერთად „ფედერალისტების" დამატებას ითხოვს, ძველი სარჩელი კი გამოითხოვა, რომელსაც ივლისში 9-თვიანი განხილვის ვადა ეწურებოდა, შესაბამსად, ვადებმა მომავალი წლისთვისგადაიწია. კითხვაზე, რამდენად არის მოლოდინი, რომ უკვე განახლებულ სიაში არსებული პარტიები აიკრძალოს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცეს, საყვარელიძემ გვითხრა, რომ ბევრი რამ პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საქციელზეა დამოკიდებული.
„ბევრი რამ დამოკიდებულია ამ პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საქციელზე. მსოფლიოში საპროტესტო აქციების მეტი რა არის, მაგრამ აქ ვხედავთ, რომ 500 დღეზე მეტია ერთი და იგივე გრძელდება, თან ისე, რომ გაუგებარია, რა უნდათ. ამას წინათ ერთ-ერთმა ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანმა მითხრა კიდეც - ვიკითხეო, რომ აბა რა მიზანი გაქვთ და იქნებ თქვენს გვერდით დავდგე, მაგრამ ვერ მიპასუხესო. ეს პრობლემა აქვთ და ამ დროს ეს მარშირების სურათი, დესტაბილიზაციის სურათია და ევროპელი ოპონენტები, რომელიც ყოველ მეორე დღეს საქართველოზე ლაპარაკობენ, მათი ძირითადი არგუმენტები ეს მსვლელობებია - აი, საქართველოს ხელისუფლება რა საშინლად იქცევა, ხალხი როგორი უკმაყოფილოაო."
პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი საინფორმაციო პლატფორმა „ვტ საქართველო" შექმნა და ქართულ ენაზე საინფორმაციო გამოშვებების მომზადება დაიწყო. ამ საკითხზე რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ თუ პოლონეთში იმდენი ქართველი ცხოვრობს, რაც აიძულებს ხელისუფლებას ქართულენოვანი პლატფორმა შექმნას, ეს სხვა საკითხია, თუმცა, თუ ამის საჭიროება არაა, ეს საქართველოს საქმეებში ჩარევას ნიშნავს.
„საკითხი ისმის იმაზე, რომ თუკი პოლონეთში იმდენი ქართველია, რომ მათ მაუწყებლობა სჭირდებათ, ეს რა თქმა უნდა შიდაპოლონური საკითხია, მაგრამ თუკი ქართველები არ არიან, მაშინ ცხადია ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა. თავის დროზე „ამერიკის ხმა" იმ ენაზე გადმოსცემდა, რაზედაც საბჭოთა კავშირის ესა თუ ის რესპუბლიკები ლაპარაკობდნენ, იმიტომ, რომ სწორედ ჩარევა და საპროტესტო განწყობის გაღვივება უნდოდათ. მაშინ მოგვწონდა, მაგრამ ეს თავისთავად ჩარევაა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირების ერთ-ერთი მეთოდი. თუკი ასეთი დაპირისპირების სურვილი ხელისუფლებას არ აქვს, ის ეცდება, რომ როგორმე შეამციროს საპროტესტო პროცესები", - განაცხადა საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



