ნატალია ჯვარიძე
(01.05.2026)

პატრიარქის არჩევნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და საზოგადოებაში არ ცხრება განხილვა, ვინ დაიკავებს ილია მეორის ადგილს. განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ გარდაცვლილი პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დანიშნული მეუფე შიოა, რომელიც არჩეულ კანდიდატებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ოპოზიცია მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები არ ვრცელდება.

ეკლესიის შიგნით მეუფე შიოს ერთ-ერთი ღია ოპონენტია დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯულია.

„მეუფე შიო რუსეთის კანდიდატი არ იყო, მაგრამ რუსეთი უჭერს მას მხარს, ამას მე ყოველთვის ვიტყვი. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ ეს ერთმანეთში ავურიოთ, რომ ვთქვათ სად მიდის აქ საქმე, ლოგიკა, რომ აგენტი შემოიყვანა? არ არის ასე. მაგრამ რუსეთი უჭერს მას მხარს, ეს არის ცხადი. ჩემი ხმა არა აქვს მეუფე შიოს, ამაში არაფერი არ მაქვს დასამალი, ეს მანამდეც ვთქვი და შესანიშნავად იცის მეუფე შიომ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მე მასთან ურთიერთობა არ შემიძლია ან მას არ უნდა შეეძლოს," - აცხადებს მეუფე ზენონი.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „აბსოლუტურად არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ თითქოს მეუფე შიო რუსეთთან დაკავშირებულია და იქაური მართმადიდებლური ეკლესიიდან იმართება, უბრალოდ არ არსებობს. ასე რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ საჯაროდ გამოტანილი იქნებოდა"

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სინოდის გადაწყვეტილებას, რომ მეუფე ისაიას შესაბამისი განათლების მიუღებლობის გამო არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, აკრიტიკებს:

„ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკრეტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან.

„ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ივანიშვილმა რომელმაც „პრეზიდენტი" დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) უდიპლომობის გამო", - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა და თქვა: „ვინმეს თუ არ აქვს უფლება, ქართულ ეკლესიაზე ისაუბროს, პატიმარი სააკაშვილია." მისი თქმით, საზოგადოებას ახსოვს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილი ებრძოდა ქართულ ეკლესიას, ამით ებრძოდა ქართველობას და ეროვნულ იდენტობას".

რატომ ებრძვიან მეუფე შიოს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას უნდა საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს და სწორედ ამიტომ ებრძვიან მეუფე შიოს.

„მიზეზი რატომაც მეუფე შიოს ებრძვიან არის ის, რომ სურთ პატრიარქად მათთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანონ. იციან, რომ ამას ვერ მოახერხებენ, რადგან წმინდა სინოდში და ზოგადად, საპატრიარქოში მათ კანდიდატს მხარდაჭერა არ ექნება. ამიტომ ახლა ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაციას მრევლის თვალში და პროცესის მაქსიმალურად დაზიანებას. პირდაპირ ვიტყვი, ყველაფერზე მიდან, რომ ეკლესია გახლიჩონ, რაც ყველაზე ცუდი სცენარია. ვინც ამ პროცესში ნებით თუ უნებლიედ არის ჩართული, ანტიეროვნულ საქმეს აკეთებენ. აბსოლუტურად არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ თითქოს მეუფე შიო რუსეთთან დაკავშირებულია და იქაური მართმადიდებლური ეკლესიიდან იმართება, უბრალოდ არ არსებობს. ასე რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ საჯაროდ გამოტანილი იქნებოდა.

„ეს ადამიანები მარტო ხომ არ არიან? თუნდაც მეუფე ზენონი, მათ უკან საზოგადოების ყველასთვის ცნობილი წრეები დგანან, რომლებიც ტრადიციულად ეკლესიას ებრძვიან. მათ მედია საშუალებებში ავრცელებენ ამბებს, რომლებიც რეალობისგან შორსაა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეკლესიას კარგს არაფერს მოუტანს, რადგან შეიძლება ვიღაცას მართლა სჯერა. თუ მრევლისა და ეკლესიის გახლეჩა მოხდა, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება.

„სინოდის მიერ შერჩეული ერთ-ერთი კანდიდატი არის მიტროპოლიტი იობი, რომელიც საჯაროდ ითხოვდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ქება-დიდებას არ იშურებს მის მიმართ. მისი ასეთი უაპელაციო მოთხოვნები სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თითქოს მან ეკლესიას ბევრი რამ გაუკეთა და ამავდროულად არ იხსენებს, კიდე რა გააკეთა მიშამ, ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ მეუფე იობი პოლიტიკურად ანგარიჟირებულია. თეორიულად რომ დავუშვათ, თუ ის გახდა პატრიარქი, ხომ წარმოგიდნენიათ, რა პოლიტიკას გაატარებს? სასურველია, რომ სასულიერო პირები პოლიტიკაში ნაკლებად ერეოდნენ, ან საერთოდ თავი შორს ჰქონდეთ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

  • ნიკა ჩიტაძე: „მხოლოდ რუსეთში სწავლაზე არაა საუბარი. ილია მეორე იქ გაიზრდა და ბევრი გამოჩენილი ქართველი სწავლობდა, მაგრამ მათ ეროვნული ცნობიერება გააჩნდათ. მეუფე შიოზე ბევრი კითხვები არსებობს"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ მეუფე შიოზე ბევრი კითხვა არსებობს.

„ჩემი აზრით, მეუფე შიო დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ლოიალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ლოიალურია რუსეთის მიმართ. მაგალითად მას არანაირი განცხადება გაუკეთებია, როცა 300-ზე მეტი ადამიანი დასახიჩრდა აქციაზე. ასევე, ჩუმად არის, როცა ქვეყანაში 100 მეტი პოლიტპატიმარი გვყავს. ეს ყველაფერი მას არ დაუგმია. თუ გახსოვთ, მან განცხადება გააკეთა ოჯახის სიწმინდეზე. ეს ერთ-ერთში ემთხევა ხელისუფლების პოლიტიკას, რომ გალე ძალები(დასავლეთი) არ უნდა ერეოდნენ ქვეყნის საქმეებში, მაგრამ ამავდროულად, არაფერი უთქვამს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე. ბოლო წლებში პატრიარქი დაუძლურებული იყო და გასაგებია, რომ საქმეებს ვერ უძღვეობდა. საპატრიარქომ 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ განაცხადა, რომ ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში არ ერევა, თუმცა მხარს უჭერს ოჯახური სიწმინდეების დაცვასა და მშვიდობას. ფაქტობრივად, ეს იყო „ოცნების" სასარგებლოდ გაკეთებული განაცხადი. მერე პატრიარქ ილია მეორის სახელით თქვეს, რომ მან მიულოცა გამარჯვება. ამით იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ რუსეთში სწავლაზე არაა საუბარი. ილია მეორე იქ გაიზრდა და ბევრი გამოჩენილი ქართველი სწავლობდა, მაგრამ მათ ეროვნული ცნობიერება გააჩნდათ. მეუფე შიოზე ბევრი კითხვები არსებობს", - უთხრა ჩიტაძემ „რეზონანსს".

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 28 აპრილს წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

სინოდი, რომელიც ამჟამად 39 ხმის უფლების მქონე წევრისგან შედგება, 38 წევრით შეიკრიბა, რათა ფარული კენჭისყრით სამი კანდიდატი შეერჩია. ერთი წევრი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ დასწრებია. რამდენიმე კვირაში კი გაფართოებული კრება ჩატარდება, სადაც გაირკვევა ახალი პატრიარქის ვინაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე