
ეკლესია ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში სწორედ ის ბურჯია, რომელზეც სახელმწიფო დგას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკსიმ განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესიაზე დარტყმის მიზანია, ქართველებში ქართველობის ნაკლები განცდა იყოს.
„თქვენ კარგად იცით, რომ ეკლესია ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში სწორედ ის ბურჯია, რომელზეც სახელმწიფო დგას, თავის თვითმყოფადობით, თავისი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობით; რეალურად საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაციას ახდენს წესიერების, პატივისცემის და პატრიოტიზმის გრძნობების გარშემო, აი, აქ დარტყმა, ამ მიმართულებით დარტყმა სწორედაც არის, რომ რაც შეიძლება, ნაკლები იყოს ქართველებში ქართველობის განცდა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
დეპუტატს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ-პოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი, დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“. როგორც ვოლსკიმ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 2012 წლიდან ქვეყანაში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებდა.
„დიდი დაკვირვება და ანალიზი არ სჭირდება, რომ არაფერი არ მომხდარა 2012 წლიდან ისეთი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, ზოგადად საზოგადოებაში. ეკლესიასაც არა აქვს ის ფუნქცია, რომ ვიღაცას პოლიტიკურად დაუპირისპირდეს. რაც შეეხება სააკაშვილს, მის პერიოდში მოხდა ყველაფერი, რაც შეიძლება მომხდარიყო რუსეთის ინტერესების დაცვით. თუკი შედეგებით ვიმსჯელებთ, სტრატეგიული რეგიონების ოკუპაცია იქნება ეს თუ სხვა მიმართულებები, სააკაშვილს დიდი როლი აქვს იმაში, რაც დღეს საქართველოს მემკვიდრეობით ერგო“, - განაცხადა ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



