რეზონანსი
(02.05.2026)

ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და შემცირდეს ფასები, რაც დასაწყისისთვის კარგია. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

„ამოცანა არ არის მარტივი, იმიტომ რომ საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც არის თავისუფალი და საკუთარი შეხედულების მიხედვით აწარმოებს საქმიანობას. ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება. შეიძლება მთლიანად ჩამოშალო საბაზრო ურთიერთობები უხეში ჩარევის პირობებში. ამიტომ მგრძნობიარეა ეს საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ არასდროს გვიფიქრია უხეში ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. 

გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და იქ მიღწეულ იქნას ფასების შემცირება, რაც კარგია დასაწყისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში  გავალთ კონკრეტულ შედეგამდე, ეს არის მთავარი ამოცანა. საკითხი არის კომპლექსური და რთული, თუმცა თუ იქნება კოორდინირებული მუშაობა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, შედეგი არის მიღწევადი,"- აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე