
რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი სურსათის ფასებთან დაკავშირებული პროცესის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, ნუ ეცდებიან ხარჯების მოხსნას და ამ ხარჯების სხვაზე დაკისრებას. ამ საკითხზე ხაბაშვილმა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” ისაუბრა.
მისივე თქმით, ეს მიდგომა სისტემურად არაფერს შეცვლის.
“რაც შეეხება ჩვენს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ. პროცესის საბოლოო მიზანი ყველასთვის ცნობილია, ეს არის შესაძლებლობის ფარგლებში მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მისაღები ფასების მიღწევა. საჯაროდ მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ვეცდებით ეს პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ერთმა მხარემ ხარჯი მოვიხსნა და შემდეგ მთავრობა იქნება თუ პარლამენტი ვთხოვო, რომ ეს ხარჯი სხვას დააკისროს. ეს უბრალოდ ერთ მხარეს ჩამოეხსნება და ხარჯი მეორე მხარეს გადავა, სისტემურად არაფერი შეიცვლება”, - განაცხადა გუდვილის გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, საცალო ვაჭრობის სექტორში კონკურენცია არის ძალიან მაღალი.
“რატომ გვიხარია და მოგწონს ყველას ეს? იმიტომ, რომ კონკურენცია ნიშნავს კომპანიებს შორის იმის მცდელობას, რომ მომხმარებლებისთვის უფრო საინტერესოები იყვნენ. დასკვნაშიც ის აღინიშნა, რასაც ყოველთვის ვამბობდით და გვიხარია, რომ სიღრმისეულმა შესწავლამ იგივე დაადგინა, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობდით.
ასევე ძალიან დიდი ხანია არამხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ვმუშაობთ კიდეც იმაზე, რომ ლოგისტიკური პროცესები ბევრად უფრო ოპტიმიზირებული გახდეს. მანდ არის რესურსი სწორედ, პრაქტიკა ადასტურებს ამას”, - განაცხადა გიორგი ხაბაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



