რეზონანსი
(02.05.2026)

მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, როდესაც საუბარია 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას.

„მაგალითად რომ ავიღოთ პარკირების ჯარიმა, მილიონი თუ არის წელიწადში და ჩვენც დაახლოებით ეს მონაცემები გვქონდა, წელიწადში ერთ სულზე გამოდის 25 თეთრი და მარტო ეს რომ იყოს პრობლემა. ყველა კონკრეტული საკითხი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მთლიანობაში, როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას, თუმცა გეთანხმებით, რომ ყველა საკითხს უნდა ჩავხედოთ. მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე. რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ, უბრალოდ ასეთი ტიპი საკითხები ნაკლებად არსებითია გავლენის კუთხით ფასწარმოქმნაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ამ 86%-ში 1%-იც ვერ იქნება ასეთი ფაქტორების წვლილი,თუმცა გეთანხმებით, რომ მაინც განსახილველია ნებისმიერი ასეთი საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე