რეზონანსი
(03.05.2026)

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული 300-ზე მეტი ინციდენტი ადასტურებს, რომ მედიის მიმართ ზეწოლა ინტენსიურ ხასიათს ატარებს - განსაკუთრებით საყურადღებოა რეპრესიული საკანონმდებლო ტენდენციები, რაც ზღუდავს მედიის ოპერირების სივრცეს და აძლიერებს „მსუსხავი ეფექტის“ რისკს ჟურნალისტურ საქმიანობაზე , - ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, ქართული მედია აგრძელებს მუშაობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებას, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას, რაც განსაკუთრებულ აღიარებასა და სოლიდარობას საჭიროებს.

„მიმდინარე წელსაც საქართველოში დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა განსაკუთრებით მძიმე ფონზე უწევს. Reporters Without Borders-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო განაგრძობს პოზიციების დაკარგვას: მხოლოდ მიმდინარე წელს 21 ადგილით დაქვეითდა, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯამურად 75-პოზიციანი ვარდნა განიცადა. აღნიშნული მონაცემები მედიის თავისუფლების სისტემურ გაუარესებაზე მიუთითებს.

მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ნათლად აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ინსტრუმენტად.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული 300-ზე მეტი ინციდენტი ადასტურებს, რომ მედიის მიმართ ზეწოლა ინტენსიურ ხასიათს ატარებს. შემთხვევები მოიცავს ჟურნალისტების დაკავებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას, დაჯარიმებას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დისკრედიტაციას, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევას, დეზინფორმაციას და ა.შ. ეს დარღვევები შესაბამისი გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეპრესიული საკანონმდებლო ტენდენციები, რაც ზღუდავს მედიის ოპერირების სივრცეს და აძლიერებს „მსუსხავი ეფექტის“ რისკს ჟურნალისტურ საქმიანობაზე. პრობლემურია მედიისთვის სასამართლო პროცესების აუდიო-ვიზუალური გადაღების აკრძალვა, რაც ზღუდავს კონტროლის შესაძლებლობას და ამცირებს მართლმსაჯულების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.

მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა, ქართული მედია აგრძელებს მუშაობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებას, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას. ეს გარემოება განსაკუთრებულ აღიარებასა და სოლიდარობას საჭიროებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ უხდის მადლობას დამოუკიდებელი მედიის თითოეულ წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე