
ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ქსელური სუპერმარკეტები ერთმანეთის მიყოლებით აანონსებენ ძირითადი პროდუქტების გაიაფებას, თუმცა დასკვნის ეფექტიანობა უკვე გახდა მწვავე დისკუსიის საგანი - ოპოზიცია და ეკონომისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფასების რეალურ შემცირებას სკეპტიკურად უყურებს, ამასთან, დასკვნას არ აქვს ფრაქციების ნაწილის ხელმოწერა.
ბიზნესის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ფასების შემცირებაზე გარკვეულ მოლოდინს აჩენს, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ცვლილებები მხოლოდ განცხადებების დონეზე არ უნდა დარჩეს. რეალური ეფექტი კი, სავარაუდოდ, უკვე მომავალი კვირიდან გამოჩნდება.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ შექმნილი კომისიის მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავდა ბაზარზე ფასების ზრდის მიზეზების გამოვლენას და რომელიც 28 თებერვლიდან 26 აპრილამდე პერიოდის კვლევის შედეგებს აერთიანებს, უკვე გახდა პოლიტიკური და ეკონომიკური მწვავე დებატების საგანი.
ქსელური მაღაზიების განცხადებები ფასების ეტაპობრივ შემცირებაზე, ერთი მხრივ, შეიძლება პოზიტიურად აღიქმებოდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, თუმცა, მეორე მხრივ, ჩნდება კითხვები - ეს არის რეალური პროცესის დასაწყისი, თუ მხოლოდ დროებითი ეფექტი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მან ვერ უპასუხა მთავარ კითხვას - რატომ გაიზარდა ფასები და რა მექანიზმებით უნდა მოხდეს მათი შემცირება. მათი შეფასებით, ფასების შესაძლო დაწევა მოკლევადიანი იქნება და ვერ შეცვლის ზოგად სიტუაციას.
პროფესიულ ანალიზს აკეთებს ეკონომისტების ნაწილი, რომ ფასების რეგულირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული - იმპორტის ღირებულებაზე, ლარის კურსზე, საერთაშორისო ბაზრებსა და კონკურენციის დონეზე. შესაბამისად, ერთი კომისიის დასკვნა ვერ იქნება საკმარისი დაპირებების შესრულებისთვის.
„რითეილ ასოციაციამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რითეილ ასოციაციის" წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის" ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაცია იმედოვნებს, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.
რას აცხადებენ სუპერმარკეტები
ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია „დეილი ჯგუფი", რომელიც აერთიანებს ბრენდებს „დეილი", „სპარი", „მაგნიტი", „გვირილა", „კალათა" და„იოლი", საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ჰოლდინგი სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას იწყებს, რომელიც მიზნად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას ისახავს.
„დეილი ჯგუფში" მიიჩნევენ, რომ „რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლობიანი ჩართულობით".
- „დეილი ჯგუფი": „პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა - „შენთვის შერჩეული", რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს - ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის."
„საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.
„პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა - „შენთვის შერჩეული", რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს - ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის. ეს პროდუქტები წინასწარ იქნება შერჩეული და წარმოდგენილი ჩვენი ჰოლდინგის თითოეული ბრენდის ქსელში ერთიანი კომუნიკაციით", - აღნიშნავს ჰოლდინგი.
ხელმისაწვდომ ფასებს აანონსებს სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორაც". მათი შეფასებით, ქსელი ყოველდღიური პროდუქტის ღირებულებას აახლებს და უახლოეს დღეებში მაღაზიის დახლებზე ვიხილავთ „კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე".
ამავე კამპანიის ფარგლებში განცხადებას „გუდვილიც" აკეთებს, ქსელის შეფასებით,
ფასების დაწევის მიზნით, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები.
„ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს", - ნათქვამია „გუდვილის" განცხადებაში.
პოლიტიკური შეფასებები
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფასებში „სიღრმისეულად ჩაიხედეს" და შეადარეს საქართველოსა და საფრანგეთის ფართო მოხმარების პროდუქტების კალათები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ „50%-ით ძვირია საფრანგეთში იდენტური პროდუქტის შეძენა, რასაც უფრო იაფად შეიძენ საქართველოში", მაგრამ „მეორე მომენტია, რომ საქართველოში ხელფასი ბევრად ნაკლებია. ჩვენთან საშუალო ხელფასი დაახლოებით 4200 ლარია, საფრანგეთში საშუალოდ 2680 ევრო. დიდია სხვაობა".
- ირაკლი კობახიძე: „რომ იყოს ჩვენთან იგივე ხელფასი, იგივე პენსია, რაც არის კონკრეტულ ქვეყნებში, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა ფასების საკითხი. თუმცა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი".
მისივე თქმით, დღეს დაახლოებით 5000 ლარამდე უნდა იყოს საშუალო ხელფასი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდეს ისე, როგორც ცხოვრობს საფრანგეთის მოქალაქე.
„გაორმაგებაა საჭირო, რასაც წლები სჭირდება. ელემენტარული ეკონომიკური თეორიაც ამაზე მეტყველებს. ეს არის საერთო მოცემულობა. ერთი არის ნომინალური ფასები, მეორეა ხელფასთან შედარება და ა.შ. ამას ემატება სიღარიბის ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ჩვენი 350 ათასი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, პენსია არის ძალიან დაბალი. ამ ფონზე კიდევ უფრო დიდია იმის ინტერესი, რომ ფასები შემცირდეს.
„რომ იყოს ჩვენთან იგივე ხელფასი, იგივე პენსია, რაც არის კონკრეტულ ქვეყნებში, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა ფასების საკითხი. თუმცა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიცია კი კვების პროდუქტების გაიაფების პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს. „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამას „აბსოლუტურ ნონსენსს" უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციური ალიანსს აქვს ფასების დაწევის ალტერნატიულ გეგმა, რომელსაც მალე გააცნობს საზოგადოებას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



