
პოლონეთი ამერიკული კონტინგენტის შენარჩუნებისა და გაზრდის შესახებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა დაახლოებით 5000 ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გაყვანის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას.
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ ევროპაში ამერიკული ჯარების ყოფნა საჭიროა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯარები დარჩნენ ევროპაში, რომ ისინი დარჩნენ პოლონეთში. და მიუხედავად იმისა, რა მოხდება გერმანიაში, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ არა მხოლოდ პოლონეთში კონტინგენტის შესანარჩუნებლად, არამედ მის გასაზრდელადაც", - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
მისივე თქმით, „პოლონეთის სტრატეგია უცვლელი რჩება".
„ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ძალა. ჩვენ გვჭირდება მოკავშირეები, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ აღგვიქვამენ სერიოზულად, როდესაც ძლიერი ვიქნებით. სუსტებს არავინ აღიქვამს სერიოზულად",- განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



