რეზონანსი
(03.05.2026)

რადიკალების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვერ შეცვლის რეალურ სურათს და ვერ მოახდენს გავლენას იმ პროცესებზე, რომლებიც სახელმწიფოში ინსტიტუციური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარეობს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის" წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში იწყება ახალი ეტაპი - უსაფრთხოების განახლებული არქიტექტურის ფორმირება, რომელიც მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების უფრო ეფექტიან კოორდინაციას, რისკების პრევენციასა და თანამედროვე გამოწვევებზე სწრაფ და სისტემურ რეაგირებას.

„ფაქტია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ, სახელმწიფო მინისტრის პოსტს აბარებს შედეგზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელმაც მოკლე პერიოდში სისტემური ცვლილებები განახორციელა სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით.

კოლექტიური „ნაცმოძრაობის", მდიდარი „ენჯეო" სექტორისა და ცალკეული ჯგუფების შიში მამუკა მდინარაძის ფაქტორის მიმართ გასაგები და ლოგიკურია. ქვეყნის მტრებმა მამუკა მდინარაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დამტკიცების შემდეგ, ანუ ზუსტად რვა თვის წინ, სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილი ყველა დასაყრდენი დაკარგეს.

ვინც კანონს არღვევდა და დანაშაულს ჩადიოდა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. ქვეყანა გადაურჩა ტერაქტს, რევოლუციის მორიგ მცდელობას, ჯაშუშებს დაერღვათ მყუდროება. დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული, გაიხსნა თაროზე შემოდებული ათეულობით საქმე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ ყველა დონეზე უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია.

გეოპოლიტიკურად რთულ და ხშირად არაპროგნოზირებად გარემოში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უწყებათაშორის კოორდინაციასა და ერთიან სტრატეგიულ ხედვას. სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს, დროულად მოახდინოს რეაგირება შესაძლო საფრთხეებზე და შეინარჩუნოს სტაბილურობა მაღალი რისკების პირობებშიც", - განაცხადა ჩიხლაძემ.

სახელმწიფო მინისტრის მიერ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის პერიოდში მიღწეულ მასშტაბურ შედეგებს დეტალურად მარიამ ოშხნელის სპეციალურ რეპორტაჟში ნახავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე