
„ხვალ მზე ამოვიდა" ქართველი მწერლის და მეცნიერის სოლომონ ნერგაძის ახალი, მეხუთე წიგნია ციკლიდან „ემიგრანტის ჩანაწერები" (რედაქტორი გოგი სალიაშვილი, გამომცემლობა „წიგნი+ერი"). რომანთან ერთად წიგნში დაბეჭდილია მისი ახალი მოთხრობებიც.
რომანში „ხვალ მზე ამოვიდა", აღწერილია ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცის ცხოვრების გზა, - შეიძლებოდა, „სიყვარულის ძიებაც" გვეწოდებინა. სწორედ სიყვარულის ძიებაა ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინების მიზანი. იგი გაცილებით დიდია, ვიდრე საყვარელი ქალის გულის მონადირება და მასთან ამქვეყნიური ყოფის გაზიარება. აქ ერთმანეთის გვერდით, შეულამაზებლადაა სიმწარე და სიხარული, ტკივილი და ბედნიერება. ერთის სიტყვით, მართალი სულია ჩადებული:
როცა გიყვარს, წარმოუდგენლად ადვილია საკუთარის შეწირვა („დალეწილი ტოტები);
დიდების ტკივილის გაგება - პატარების მიერ დანახული სიკვდილი („ალილო");
ომი, მისი საშინელებები და სისხლიანი ისტორიის აღარ გამეორების იმედი („ივანიკა, შაცთეთრი ლევანა, წყნარი ოთარა და სხვები", „ომი ყველაფერს არ ჩამოგვაწერს", „რიონიდან თბილისამდე", „მესამე სიკვდილი", „სადღაც სოფელში ყეფდა მურია", „ჩვენს ქუჩაზე ლტოლვილები მოვიდნენ");
განსაკუთრებით უნდა გამოიყოს რომანში და მოთხრობებში გატარებული მთავარი ხაზი, - ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან: ერთნაირად უყვართ, ერთნაირად სტკივათ, ერთნაირად უხარიათ, ერთნაირად განიცდიან და იზიარებენ პატარა პაციენტების ტკივილს.
პატარა პაციენტები კი, თავის მხრივ, უკურნებელი ავადმყოფობით დაღუპულ ახალგაზრდა კაცს ღმერთთან შუამდგომლობენ („ღმერთს უთხარი, ჩემი მეგობარი რომ ხარ");
ერთნაირად კვდებიან საგზაო შემთხვევისას („მარტოკაცი"), ერთნაირად სტკივათ ოჯახი გადახვეწილ დედებს და სახლში დარჩენილ მამებს და შვილებს („მოთხრობა პირობითი სათაურით სკაიპი").
ერთნაირად ცდილობენ გაექცნენ შიმშილს („ანგელოსების მოთქმა ლამპედუზას ცაზე"),
პირველ და მესამე თაობას, ბაბუა-შვილიშვილებს შორის სიყვარულის გაბმული ძაფებიც ერთნაირია („ჩემი მეგობარი მია"), და, კვლავ, სიყვარულის უკვდავება - ემიგრაციის ტკივილები და წარსულის განსხეულება. დრო არაფერს შლის, - თუ ფარავს, მხოლოდ დროებით, გინდაც ათწლეულებით... უკვალოდ არ ქრება, არც ხუნდება... სევდიანი ნოველა „ერთხელ ევროპაში" ადამიანურობის გამარჯვებაა.
ცალკეა აღსანიშნავი ნოსტალგია იმ დროისა, ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა, და-ძმობა გაცილებით მეტად რომ ფასობდა, ვიდრე გვარების დაბოლოებაა („იმერეთის მეოთხე შესახვევი", „ერთი პირველი სექტემბერი");
შესანიშნავადაა აღწერილი პატარების თვალებით დანახული ომი („ჩვენს ქუჩაზე ლტოლვილები მოვიდნენ").
მწერლის ახალ რომანს დიდი ინტერესით წაიკითხავს ყველა თაობა. მწერალის „სამიზნე", უფრო მეტად, ახალგაზრდა მკითხველებია, - ისინი, ვინც აფასებენ სახეებით აზროვნებას, ანუ იმას, რითაც ნამდვილი ლიტერატურა განსხვავდება „მოდურისგან". აქ ნოსტალგიაც გამოსჭვივის, იმედის გაცრუებაც, მაგრამ ძიება და იმედი, რომ ახალგაზრდები უფრო მეტს და უფრო ლამაზად გააკეთებენ ქვეყნისთვის და, ზოგადად, ადამიანობისთვის, მისი ოპტიმიზმი კი არა, რწმენაა მწერლისა.
წიგნების შეძენა შეგიძლიათ გამომცემლობა „წიგნი+ერში": საქართველო, თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა, სართული 5, ბლოკი A517 www.tsignieri.ge, info.tsignieri@gmail.com, ტელ.: +995 571 13 12 11. წიგნებს მოგაწვდიან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ქალაქსა თუ სოფელში.
ინფო
სოლომონ ნერგაძე არის პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, რომელიც ქართულ-ევროპულ საზოგადებაში ცნობილია, არა მხოლოდ, როგორც პროფესიონალი ფიზიკოსი და მოლეკულური ბიოლოგი (50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია ინგლისურენოვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; 100-ზე მეტი ბეჭდური წარდგენა საერთაშორისო კონგრესების გამოცემებში), ასევე შესანიშნავი ლიტერატორი, - გამოქვეყნებული აქვს მინირომანების და ნოველების ოთხი კრებული, ნინო სადღობელაშვილის, გოგი სალიაშვილის და როზანა კარლოსტელას (Rosanna Carlostella) რედაქტორობით.
წიგნი I „შინისაკენ" (2018, გამომცემლობა ინტელექტი; 2020, მეორე გამოცემა, გამომცემლობა „წიგნი+ერი"),
წიგნი II „ომიდან ომამდე... და, შემდეგ" (2019. გამომცემლობა წიგნი+ერი")
წიგნი III „ნუ მოკლავთ დაღლილ ანგელოსს!" (2020, გამომცემლობა წიგნი+ერი")
წიგნი IV "ძნელი თავისუფლება" (2021, გამომცემლობა წიგნი+ერი"), ორენოვანი, ქართულ-იტალიური წიგნი.
წიგნი V „ხვალ მზე ამოვიდა" (2026. გამომცემლობა წიგნი+ერი")
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



