
როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, - განაცხადა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი გოგიჩაიშვილმა ქადაგებისას.
მისი თქმით, არის მცდელობები ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და ადამიანების დაბნევის, მრევლი კი ამ ყველაფერს არ უნდა აჰყვეს.
დეკანოზმა მრევლს მოუწოდა ლოცვისკენ, რათა სინოდმა ღირსეული პატრიარქი აარჩიოს.
„როცა ადამიანი გლანძღავს, ცილს გწამებს, როგორი მოსათმენია, როგორი რთული და მტკინვეულია. მაგრამ ზუსტად ეს ტკივილი უნდა განიცადო, რაც წმინდა გიორგიმ განიცადა და მოითმინო და აპატიო შენ მტერს, მლანძღველს. როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს, პატრიარქობის არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა და უკვე რა დღეში არიან. სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც კი გამოდიან და გაუგებარ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ შფოთი შემოიტანონ ეკლესიაში და ადამიანები დააბნიონ. ხედავთ, ეშმაკი როგორ ბობოქრობს? ეს არაფრით არ შეიძლება. ღმერთმა ყველას აპატიოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ და ჩვენ მფარველს, წმინდა გიორგის შევთხოვოთ, რომ აირჩიოს ღირსეული პატრიარქი. მე მწამს, რომ დედა ღვთისმშობელი არ დატოვებს ჩვენ ქვეყანას და ჩვენი პატრიარქის - ილია მეორის გამგრძელებელს ღირსეულს აირჩევენ. ჩვენ ძალიან ღირსეული ეპისკოპოსები გვყავს. პირველ რიგში ღმერთი მოქმედებს და რა თქმა უნდა, ადამიანის ნებაც არის ამაში, ამიტომ ღრმად მწამს, რომ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ აჰყვეთ ამ ამბავს, ეშმაკი ბობოქრობს, უნდა შფოთი, სიძულვილი და განკითხვა შემოიტანოს.
მჯერა, რომ წმინდა გიორგი გამოარჩევს, იმიტომ რომ პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია, ამიტომ როგორც პატრიარქმა თქვა, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“, - განაცხადა დეკანოზმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



