მარიამ ვეკუა
(16.06.2026)

ირანის კონფლიქტში შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის გააქტიურების მცდელობა კვლავ აშშ-ის დღის წესრიგში დაბრუნდა. „დიდი შვიდეულის" სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ფონზე, კიევი აშშ-სგან დამატებით სამხედრო მხარდაჭერასა და მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნას ელოდება.

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში შეხვდა. ბოლო ოთხი თვის მანძილზე ეს შეხვედრა ზელენსკისა და ტრამპს შორის პირველი პირისპირ კომუნიკაცია იყო და ის დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.

სამმა ლიდერმა მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო „დიდი შვიდეულის" სამიტის ერთობლივ სამუშაო სესიაში, სადაც განხილვის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო.ზელენსკიმ განაცხადა, რომ „შვიდეულის" წევრებს შორის შეთანხმება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში მხარდაჭერაზე მიღწეულია და ჯგუფის ყველა წევრი უკრაინის დაცვის გასაძლიერებლად იმუშავებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ როგორც სისტემებზე, ასევე რაკეტებზე", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, ეს საკითხი ტრამპთან საუბრის დროსაც წამოჭრა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა შესაბამისი ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების მოპოვებას შეძლებს.ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ამ წინადადებას, როგორც ჩანს, პოზიტიურად შეხვდა.

სამიტის მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეეცდება დაარწმუნოს ტრამპი, რომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.

მას შემდეგ, რაც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-მა უკრაინისთვის დახმარება შეამცირა, საფრანგეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები ამჟამად კიევის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის ყველაზე მსხვილი მომწოდებლები არიან.

აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები თებერვლის შემდეგ ფაქტობრივად გაყინულია. მას შემდეგ ვაშინგტონის ყურადღება ირანთან ომზე გადაერთო, რაც, როგორც უკრაინელი, ისე ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მთავარი მიზეზი გახდა იმისა, რომ მოლაპარაკებებმა დინამიკა დაკარგა.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს და მათ შრის ურთიერთგაგების მემორანდუმი 19 ივნისს ჟენევაში გაფორმდება.

15 ივნისს ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი დაეხმარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში, რომელშიც მონაწილეობას, მასთან ერთად პუტინიც მიღებდა.

„თუ რუსეთი ამ შანსზეც უარს იტყვის, მაშინ ზეწოლა იქნება საჭირო", - განაცხადა ზელენსკიმ.

საფრანგეთში ჩასვლისას დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი „კარგად" არის.„ახლა, როდესაც ირანთან ომი დასრულდა, ჩვენ უკრაინაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება. ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები. ეს არ უნდა მოხდეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა

  • დონალდ ტრამპი: „ახლა, როდესაც ირანთან ომი დასრულდა, ჩვენ უკრაინაზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება."

გამოციემა „პოლიტიკო" წერს, რომ ეს სიტყვები უკრაინის მხარდამჭერებს ევროპაში დამშვიდების საშუალებას არ აძლევს.

„კულისებში ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც ირანის კრიზისის ყოველდღიური მართვისგან გათავისუფლდა, შესაძლოა, სცადოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კონტროლის აღდგენა, მათ შორის, რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლისა და უკრაინის სრული მხარდაჭერის სტრატეგიის ჩაშლა", - წერს გამოცემა.

„პოლიტიკოსთან" საუბრისას კი ერთ-ერთმა ევროპელმა მაღლჩინოსანმა თქვა, რომ ირანთან კონფლიქტით „ტრამპის ყურადღების გაფანტვა სულაც არ იყო ცუდი".

გამოცემა წერს, რომ ევროპელების შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი გახდა დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი.

15 ივლისს, „დიდი შვიდეულის" სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ასობით დრონითა და ათობით რაკეტით მორიგი იერიში მიიტანა, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე, 14 ივლისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 80 წელი შეუსრულდა, ხოლო რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მას იუბილე ტელეფონით მიულოცეს. დასავლური მედიის შეფასებით, ეს კომუნიკაცია იმაზე მიანიშნებს, რომ ვაშინგტონს არ შეუწყვეტია დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ტრამპს დაბადების დღე მიულოცა და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, საუბრისას, რომელიც თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები - სტივ უიიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უახლოეს მომავალში რუსეთს კვლავ ეწვევიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე