რეზონანსი
(23.06.2026)

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებაზე აქცენტი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე გაკეთდა.

სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობასა და გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა. დაჯილდოვდა 32 თანამშრომელი.

"თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული" - ამ სიტყვებით მიმართა ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს და თავდაუზოგავი შრომისა და გამბედაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ნდობასთან და ერთგულებასთან.

თქვენ აკეთებთ საქმეს, რომელიც შეიცავს ყოველწამიერ რისკს და რომელიც, თავის მხრივ, სიცოცხლის რისკთანაც არის დაკავშირებული. საქმისადმი ერთგულება და გათვითცნობიერებული თავგანწირვა, თქვენი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

შეუძლებელია იყო ამ პროფესიის წარმოუდგენელი, ვაჟკაცური ბუნების და თვისებების გარეშე. თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც ასეთი თვისებების გარდა სჭირდება ძალიან მაღალი კომპეტენცია და უშეცდომობა. გულწრფელი მადლობა ყველას ასეთი პროფესიონალიზმის და უღალატობისთვის. ქართული სახელმწიფო კი, ყოველთვის ვალდებული იქნება განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე