რეზონანსი
(23.06.2026)

საქართველოს პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე საუბრისას სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ 2025 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში დაკავებულებთან, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან გასაუბრების შედეგად, პოლიციელების მიერ პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკავებისას ძალის გადამეტების და დაკავების შემდეგ ჩადენილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე სავარაუდო ფაქტი გამოიკვეთა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გამოკითხულ დაკავებულთა დაახლოებით ნახევარი, მათ შორის, ქალები და არასრულწლოვნები, აღნიშნავდნენ, რომ დაკავების შემდეგ, იზოლატორში მოთავსებისას, მათ სრულად გაახდევინეს ტანსაცმელი და ბუქნების გაკეთება მოსთხოვეს. რამდენიმე პირმა აღნიშნა, რომ გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების მოთხოვნას ადგილი ჰქონდა პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებშიც.

„ამგვარ პრაქტიკაზე მიუთითებდნენ, როგორც ბრალდებულები, ისე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება არ ითვალისწინებს პირის სხეულის სრულად გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის შესაძლებლობას. ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობას წარმოადგენს.

საანგარიშო წელსაც, პრობლემური იყო უფლებების შესახებ დაკავებული პირების ინფორმირება.

განსაკუთრებულ პრობლემად კვლავ რჩება აუდიო-ვიდეო ჩანაწერების წარმოება - პატრულ-ინსპექტორები/ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღებას იშვიათად მიმართავენ. მათ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ.

არ არსებობს პოლიციის ავტომანქანაში დაკავებულის ყოფნისას, ასევე გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პატრულ-ინსპექტორების გარდა, არცერთ შემთხვევაში არ არის გაწერილი ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები",- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე