
17 ივნისს ვაშინგტონსა და თეირანს შორის გაფორმებული 14-პუნქტიანი სამშვიდობო მემორანდუმი ჩაშლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ჰორმუზის სრუტეში სინგაპურულ ტანკერზე განხორციელებულმა თავდასხმამ და აშშ-ის მყისიერმა სამხედრო პასუხმა ირანულ სამიზნეებზე აჩვენა, რომ ზავი საკმაოდ მყოფეა. სანამ თეთრი სახლი თეირანს ზავის „უგუნურ დარღვევაში" ადანაშაულებს, ირანი სრუტის მართვის წესების სამუდამოდ შეცვლას ცდილობს, რაც ამ სასიცოცხლო საზღვაო დერეფანს გლობალური ეკონომიკური შანტაჟის იარაღად აქცევს.
სატვირთო გემი, რომელზეც გასულ ხუთშაბათს ირანმა თავდასხმა განახორციელა, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი „ივერ ლავლია".
ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, გემს იერიში ომანის პორტ დაჰიტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 7,5 საზღვაო მილის მოშორებით მიაყენეს.
გემის მფლობელი კომპანია „ივერგრინის" განცხადებით, თავდასხმის მომენტში გემი სრუტეში გადაადგილებისას რეკომენდებულ მარშრუტს მიჰყვებოდა.
„ეკიპაჟის ყველა წევრი, ხომალდი და ტვირთი უსაფრთხოდაა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამ ინციდენტის გამო გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა 11 000-ზე მეტი მეზღვაურის ევაკუაცია, რომლებიც ომის დაწყების დღიდან ამ საკვანძო საზღვაო დერეფანში არიან ჩარჩენილები.
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც ირანი ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე თავდასხმის გამო, ზავის „უგუნურ დარღვევაში" დაადანაშაულა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, პარასკევს მათ იერიში მიიტანეს სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების საცავებსა და სანაპირო რადარებზე. ეს იყო საპასუხო რეაქცია ხუთშაბათს სატვირთო გემზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაზე, რამაც რეგიონში ჩარჩენილი მეზღვაურების დაგეგმილი ევაკუაცია ჩაშალა.
თეირანში სატვირთო გემზე თავდასხმის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ხომალდი სპარსეთის ყურის წყლებში გადაადგილებისთვის არასანქცირებულ მარშრუტს იყენებდა.
ამერიკული იერიშების შემდეგ, ირანმა აშშ დროებითი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ განახორციელა საპასუხო დარტყმები ამერიკულ ძალებთან დაკავშირებულ სამიზნეებზე.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ამერიკული იერიში, დღით ადრე მომხდარ თავდასხმაზე „მძლავრ პასუხად" შეაფასა.
„ირანული ძალების მხრიდან კომერციულ ნაოსნობაზე განხორციელებულმა გაუმართლებელმა აგრესიამ აშკარად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. უფრო მეტიც, ირანის სახიფათო ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ნავიგაციის თავისუფლებას იმ დროს, როდესაც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო დერეფანში კომერციული ნაკადები სულ უფრო იზრდება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცენტრალურ სარდლობაში ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-ის არმია სრუტეში გამავალი კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილების კოორდინაციასა და მხარდაჭერას გააგრძელებს.
შაბათს დილით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანამ საპასუხო დარტყმები ამერიკულ ძალებთან დაკავშირებულ სამიზნეებზე განახორციელა, შექმნილ ვითარებაში კი „შეთანხმების დამრღვევი აშშ-ის რეჟიმი" დაადანაშაულა.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, მათმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო პოზიციებზე მიიტანეს იერიში, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
„აგრესიის განმეორების შემთხვევაში, ჩვენი პასუხი გაცილებით მასშტაბური იქნება", - დასძინეს „გუშაგთა კორპუსში".
- ამერიკული სარდლობა: „ირანის სახიფათო ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ნავიგაციის თავისუფლებას იმ დროს, როდესაც ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო დერეფანში კომერციული ნაკადები სულ უფრო იზრდება".
აშშ და ირანი 17 ივნისს საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეთანხმდნენ. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ირანის ავალდებულებს „მაქსიმალური ძალისხმევის გაღებას კომერციული გემების უსაფრთხო და უსასყიდლო გადაადგილების უზრუნველსაყოფად 60 დღის განმავლობაში".
აშშ-ის საპასუხო დარტყმების შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა „იქსზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ თუ ირანს „მემორანდუმის შესრულების პირობებთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს, შეუძლია ტელეფონით დაგვიკავშირდეს", თუმცა, აშშ ძალადობას ძალადობითვე უპასუხებს.
- ებრაჰიმ აზიზი: „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ეს უგუნური დარღვევა, როგორც ყოველთვის, მათ უკან დახევასა და სინანულამდე მიიყვანს. ბრალდებებით თამაში აღარ ჭრის".
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ აზიზიმ კი სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ აშშ-მა „ირანს დარტყმა მოლაპარაკებების პროცესში კიდევ ერთხელ მიაყენა".
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ეს უგუნური დარღვევა, როგორც ყოველთვის, მათ უკან დახევასა და სინანულამდე მიიყვანს. ბრალდებებით თამაში აღარ ჭრის", - განაგრძო მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
დაწესდება თუ არა გადასახადი ჰორმუზის სრუტეში
ბოლო დღეებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი მაღალჩინოსნები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა. მათი თქმით, თეირანმა უარი თქვა ყოველგვარ ინიციატივაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემების დაბეგვრას ითვალისწინებს.
ოთხშაბათს ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანმა აშშ-ს საკუთარი პოზიცია უკვე აცნობა, რომლის მიხედვითაც, ისინი „არანაირი მოსაკრებლის, დაზღვევის ხარჯისა თუ სხვა სახის გადასახადის დაწესებას ან მიღებას აღარ გეგმავენ".
„თუ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდება, მოლაპარაკებები მყისიერად შეწყდება", - დასძინა მან.
სამშაბათს, ომანის დედაქალაქ მასკატში, ირანელმა და ომანელმა მაღალჩინოსნებმა შეხვედრა გამართეს, სადაც „ნაოსნობის მომავალი მართვის" საკითხები განიხილეს. ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ ალ-ბუსაიდიმ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა „უსასყიდლო და უსაფრთხო გადაადგილების" პრინციპის ერთგული რჩება.
მიუხედავად ამისა, ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა სახელმწიფო მედიასთან განაცხადა, რომ „ყველამ უნდა იცოდეს - ჰორმუზის სრუტის მართვის რეჟიმი ომამდელ მდგომარეობას არასდროს დაუბრუნდება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



