
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მაშინ ექნება, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამისი პასუხები მოჰყვება.
„ამ შეკითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ იმისთვის, რომ რეფერენდუმის დროს ხალხის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი იყოს. პასუხებზე სამუშაოდ კი სომხეთმა ჯერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს. ეს პროცესი დიდ სამუშაოს მოითხოვს და ალბათ, ჩვენ ამ პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების დაახლოებამ რუსეთში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.
„ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებამ გამოიწვია, მაგრამ ეს ამის ფუნდამენტური მიზეზი არ არის. რუსეთში წარმოქმნილი შეშფოთების მთავარი მიზეზი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაწყებული ტრანსფორმაციაა. ობიექტური და სუბიექტური ისტორიული გარემოებების გამო, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები აღქმული იყო როგორც სამხედრო-უსაფრთხოების ხასიათის. ორი საუკუნის განმავლობაში სომხურ-რუსული ურთიერთობები შენდებოდა იმის საფუძველზე, რომ რუსეთი სომეხი ხალხისა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტია. მე ეჭვი არ შემპარვია რუსეთის მზადყოფნაში, რომ ეს ფუნქცია შეესრულებინა, თუმცა 2021, 2022 და 2023 წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია შეიძლება ზოგჯერ ამ როლის შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდული იყოს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



