ნატალია ჯვარიძე
27.04.2024

აშშ-ის სენატის 14 წევრმა ერთობლივი წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ისინი აცხადებენ, რომ თუ პარლამენტში ხელახლა ინიცირებული „უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებული იქნებიან „წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ".

რამდენად რეალურია ეს - ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ სიტუაცია სულ უფრო მძიმდება და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს აზრი შეაცვლევინოს. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელებაა, რომელსაც, სავარაუდოდ, აშშ-ის მხრიდან რაიმე რადიკალური გადაწყვეტილებები არ მოჰყვება.

სენატორების წერილი 26 აპრილითაა დათარიღებული. მასში გამოთქმულია იმედგაცრუება პარლამენტში „უცხოური გავლენების შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო, რომელიც „საქართველოს უძლიერეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, მავნე აქტორებად აქცევს". ამასთან, საუბარია აშშ-ის კონკრეტულ ნაბიჯებზეც - პერსონალური სანქქციების დაწესებასა და აშშ-ის დახმარების შემცირებაზე.

რა წერია წერილში

„ჩვენ სულ უფრო მეტად ვწუხვართ, რომ საქართველოს ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს აქტიურად უთხრიან ძირს. კონკრეტულად, იმედგაცრუებული ვართ, რომ მმართველმა პარტიამ ეს კანონმდებლობა პარლამენტში ხელახლა შემოიღო მარტში, ერთი წლის შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა კანონმდებლობა მასშტაბური პროტესტის საპასუხოდ.

„ეს კანონმდებლობა სამიზნეში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას, ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო სისხლძარღვს და, როგორც ჩანს, მიმართულია აშშ-ისა და ევროპის დახმარებაზე, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გადასვლის მხარდასაჭერად 1991 წლის, საბჭოთა კავშირიდან მისი გამოყოფის შემდეგ. კ

„ანონმდებლობა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების 79 პროცენტი მუდმივად უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. ეს მხარდაჭერა საქართველოს კონსტიტუციაშია აღბეჭდილი და ათწლეულების მანძილზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიზანი იყო. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და გავლენას მოახდენს თქვენი ქვეყნის წევრობის გზაზე.

„ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა შემოღებული უცხოელი აგენტების კანონი არ ასახავს აშშ-ის არცერთ კანონს და გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების წინსვლაში.

„როგორც მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება იყოს არასასიამოვნო ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის. უთანხმოება და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას უფრო ძლიერს და მდგრადს ხდის. ეს კანონმდებლობა თუ ამოქმედდება, მას შეუძლია, გაუგზავნოს ძლიერი გზავნილი ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირის წევრობის დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უძლიერეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, მავნე აქტორებად აქცევს. ასეთი ცვლილება მოითხოვს აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას საქართველოს მიმართ და საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობის ასახვას", - აღნიშნულია წერილში.

სენატორების წერილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან.

„ეს კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, ჩვენ იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ან მის ევროატლანტიკური ტრაექტორიის შეფერხებას. გადაიხედება აშშ-ის პირდაპირი ფინანსური დახმარება და განიხილება სავიზო შეზღუდვის გაფართოება შეერთებულ შტატებში", - ვკითხულობთ წერილში.

წერილს ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, ბენ კარდინი, ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, რიჩარდ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, ტომ ტილისი, ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ უაითჰაუსი და მარტინ ჰაინრიხი.

გამოხმაურება თბილისში

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს წერილი განგაშის ზარია და თუ ხელისუფლება ამას ყურად არ იღებს, საქართველომ შესაძლოა მთავარი სტრატეგიული პარტნიორი დაკარგოს. მმართველი პარტია კი 14 სენატორის მოსაზრებებს „საკვირველსა და იმედგამაცრუებელს" უწოდებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის, გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა განმსაზღვრელი პრინციპია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია მთავარი პრინციპია.

„საბოლოო ჯამში, ჩვენთვის, კიდევ ერთხელ, გადამწყვეტია ის, რომ ამ სფეროში გვქონდეს გამჭვირვალობა და ამ მოწოდებების ფონზე, გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული.

„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში. დამპირდნენ, რომ გასაჯაროვდებოდა, რამდენჯერმე და ეს სიტყვა არც ერთხელ არ შესრულდა. დღემდე დაფარულია რაში იხარჯება ეს ფული და შემდეგ, შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ფული, ამერიკელი მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების დაფინანსებაში, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ამიტომ, ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა უფრო მარტივი საკითხი იქნებოდა, რაც მათ ხელში არის, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები", - განაცხადა პაპუაშვილმა.

რეალური საფრთხე, თუ „დაშინების პოლიტიკა"

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დგას და უმჯობესია ეს პრობლემა დროულად მოგვარდეს, რათა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა „მძიმე გადაწყვეტილება" არ მიიღონ.

„ამ ყველაფერმა უკვე საკმაოდ სერიოზული ხასიათი მიიღო და რა თქმა უნდა, ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. უფრო მეტი სიმკაცრე იქნება, ვიდრე დღეს არის. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს პროტესტი ყურად უნდა იღონ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უნდა დაალაგონ.

„საჭიროა სხვადასხვა გზებით მოაგვარონ ეს საკითხი, თუნდაც დებატებში გამოიწვიონ, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს; წერილი მიწერონ ან ნიუ-ორკში და ვაშინგტონში ჩაფრინდნენ. როგორც უნდათ, ისე გააკეთონ. მთავარია, ეს პრობლემა მოგვარდეს.

„ჩვენ დავკარგავთ სტრატეგიულ პარტნიორს და აქ ლაპარაკი აღარაა ევროკავშირში შევალთ თუ არა. ზოგადად ეს უკვე ნიშნავს, რომ მეორე თუ არა, მესამე წელს ცხინვალიდან თბილისში რუსული არმია შემოვა. ეს ძალიან რეალური საფრთხეა. კი, ბატონო, გამოიწვიონ დებატებში და აუხსნან რას და როგორ აკეთებენ, რადგან მათ მძიმე გადაწყვეტილება არ მიიღონ", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან".

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი, როგორც ევროპიდან, ასევე აშშ-დან საქართველოს მიმართ ერთგვარი დაშინების პოლიტიკა ხორცილედება და ამ შეტევის საფუძველი უფრო ლობისტური მექანიზმია, ვიდრე რეალური პოლიტიკური ინტერესები.

„ევროპული და ამერიკული მხრიდან შეტევა გაერთიანდა. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ შეტევის საფუძველი უფრო ლობისტური მექანიზმებია, ვიდრე რეალური პოლიტიკური ინტერესები, რადგან ეს მხარეები არ იქცევიან იმ სტანდარტის მიხედვით, როგორც უნდა იქცეოდეს ქვეყნის კეთილმოსურნეები.

„დავუშვათ, რომ ეს არის ცუდი კანონი. მეგობარი ქვეყანა სხვა ალტერნატივას მოიფიქრებდა. მითუმეტეს, როცა თვითონ აქვს ანალოგიური კანონი. წესით შემოგთავაზებდა დაჯდომას და იმ პოზიციამდე მიყვანას, რომელიც მათთვისაც მისაღები იქნებოდა. ამის ნაცვლად მიდის დაშინების პოლიტიკაა. მათი მხრიდან ამ შეტევების მიზეზები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებია: გაუთავებელი კონფლიქტები, დაძაბულობა და ა.შ. ასე რომ, მე არ მგონია ამას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვეს", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×