ნატალია ჯვარიძე
29.04.2024

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის დაიწყოს დებატები საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ. მისივე თქმით, საფრანგეთი მზად არის წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში. მან ევროპას მოუწოდა, რომ სანდო თავდაცვის სტრატეგია მიიღოს, რომელიც აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება.

„მზად ვარ გავხსნა დებატები, რომელიც უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ის, ან ამერიკული ბირთვული შეიარაღების მასპინძელია.

მოდით, ეს ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ რა გვიცავს რეალურად სანდო გზით. საფრანგეთი თავის სპეციფიკას შეინარჩუნებს, მაგრამ მზად არის ევროპის დაცვაში მეტი წვლილი შეიტანოს". - აღნიშნა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საფრანგეთი ბლოკის ერთადერთი წევრია, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ხუთშაბათს, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა რუსული აგრესიის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. მან კონტენტს მოუწოდა, რომ სანდო თავდაცვის სტრატეგია მიიღოს, რომელიც აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება.

„სანდოობა ასევე ნიშნავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ფლობას რუსების გადასარწმუნებლად. შემდეგ არის ბირთვული იარაღი: საფრანგეთის დოქტრინა არის ის, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის, როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. მე უკვე ვთქვი, რომ ამ სასიცოცხლო ინტერესებს აქვს ევროპული განზომილება". - აცხადებს მაკრონი.

ჯიპას ასოცირებულ პროფესორს თენგიზ ფხალაძეს მიაჩნია, რომ მაკრონის განცხადება საკმაოდ რეალიზებადია იმის ფონზე, რასაც რუსეთი აკეთებს. მას კონკრეტულად მხედველობაში აქვს რუსეთის იმ შეთანხმებიდან გასვლა, რომელიც ბირთვულ განიარაღებას არეგულირებდა და ბელორუსიის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე.

„მაკრონის ეს განცხადება საკმაოდ რეალიზებადია იმის ფონზე, რასაც რუსეთი აკეთებს. საფრანგეთი და გერმანია ის ქვეყნებია, რომლებიც ევროპული ანტიბირთვული პოლიტიკის ავანგარდში იყვნენ და რუსეთის გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე დღეს ამ პოლიტიკის გადახედვა უწევთ, აქ მხედველობაში მაქვს კონკრეტულად იმ შეთანხმებებიდან გასვლა, რომელიც ბირთვულ განიარაღებას არეგულირებდა და ბელორუსიის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება" - აცხადებს თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან".

ექსპერტის ნიკა ჩიტაძის აზრითაც, მაკრონის აღნიშნული განცხადება რეალურია, თუმცა, საჭიროა სხვა ქვეყნებისგანაც თანხმობა მიიღონ. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ნატოსა და აშშ-ს ჩართულება სხვადასხვა მიზეზების გამო.

„ჩემი აზრით ეს საკმაოდ რეალურია, რადგან, ჩვენ ვიცით, რომ ბირთვულ იარაღს ევროპის ქვეყნებიდან საგრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ფლობენ, თუმცა, ისინი იმავე მოცულობის იარაღს არ ფლობენ, რასაც რუსეთის ფედერაცია. რუსეთის ანგარიშზეა დაახლოებით 6 ათასზე მეტი ბირთვული მუხტი, მათ შორის 1500-მდე ბირთვული ქობინი. საფრანგეთის და ბრიტანეთის რესურსები შედარებით შეზღუდულია, თუმცა, ფაქტია, რომ ბირთვული ომის ფონზე ბირთვული კონცეფცია განხილული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ მაკრონის განცხადება არის რეალიზებადი იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნების თანხმობა ექნებათ. ისიც უნდა ითქვას, რომ ამის განსახორციელებლად აუცილებელია აშშ-სა და ნატოს ჩართულობა, რადგან არ მოხდეს რაღაც პარალელური სტრუქტურების შექმნა და უფლებამოსილების გადაჯაჭვა იმიტომ, რომ ნატოს ფარგლებში ბირთვული დაგეგმარების ჯგუფი არსებობს, რომელიც ნატოს ბირთვულ პოლიტიკაზე მუშაობს.

„ასევე კარგად ვიცით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტი ბირთვული პოტენციალი აშშ-ს გააჩნია. დაახლეობით იგივე მოცულობის ბირთვული მუხტი და ბირთვული ქობინია აშშ-ს ანგარიშზე, რამდენიც რუსეთზე". - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×