თამთა ჩაჩანიძე
02.05.2024

წლის ბოლოს ევროკომისიამ უნდა შეიმუშაოს შეფასება იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო დემოკრატიზაციისაკენ მიმართულ რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც ევროპული საბჭო გადაწყვეტს, გადავალთ თუ არა მოლაპარაკებების ეტაპზე. ევროპელი ლიდერების კრიტიკისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა უწყვეტი აქციების ფონზე, „ოცნება" საჯარო განცხადებებში ირწმუნება, რომ ყველაფერი რიგზეა და მოლაპარაკებების დაწყებას შიდა პროცესები ხელს არ უშლის.

„შემიძლია „დაგასპოილეროთ" და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების" პირობებში, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება „გავლენების კანონს" მესამე მოსმენით ძალიან მალე მიიღებს. ის აქციაზე 1-ელ მაისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

„გულწრფელად მჯერა, რომ არის რადიკალების დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომელსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე „ფრანკლინის კლუბი" და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება. უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამოაშკარავდეს, ვინ, საიდან ფინანსდება და რა მიზნით. ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული, ღია და გამჭვირვალე. ძალიან მალე მესამე მოსმენით მივიღებთ აღნიშნულ კანონს და თქვენთვის ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემასაც გეტყვით, ვიცი, ძალიან გაგიხარდებათ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. შემიძლია „დაგასპოილეროთ" და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების" პირობებში, აუცილებლად გახდება საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა გაფარჩაკებული და „დაჩმორებული", ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე. ეს მინდა იცოდეს ყველამ!" -განაცხადა კალაძემ.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ იმის გამო, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებისა, რომ გაეწვიათ ის", - აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დაქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდონ.

„ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებული არსებული ძირითადი შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მომავალ მოსაზრებას და განიხილონ მისი რეკომენდაციები რაიმე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კანონპროექტი პრობლემებს ქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და საბოლოოდ დამტკიცებამდე მის შინაარსზე მსჯელობაა საჭირო.

„გარკვევით განვაცხადე, რომ ეს კანონი ძალიან პრობლემატურია გაწევრიანების გზაზე. კანონპროექტი ჯერჯერობით მეორე მოსმენით მიიღეს და წინ კიდევ არის მესამე მოსმენა, ასევე შეიძლება მას მოჰყვეს პრეზიდენტის ვეტო. ვფიქრობ, დრო, რომელიც წინ გვაქვს, უნდა იქნას გამოყენებული კანონის შინაარსზე მსჯელობისთვის, ჩვენთვის არსებული სახით კანონპროექტი მიუღებელია. შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. გამჭვირვალობა, როგორც ფასეულობა, კარგია, ჩვენ ევროპაში ვაფასებთ გამჭვირვალობას, იმედი მაქვს, ამ კანონის ამ სახით მიღება არ მოხდება და ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მისი შეცვლა", - აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" კახა კალაძის განცხადებას ეთანხმება და დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება. მისივე თქმით, მსგავსი გზავნილი ჰქონდათ „ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

„კახა კალაძის გარდა მსგავსი გზავნილები „ქართული ოცნების" გუნდიდან ვრცელდება, მანამდე თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და 29 აპრილს ხაზგასმით განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომ საქართველო ევროკავშირში აუცილებლად შევა ღირსეულად 2030 წლის გაფართოების ტალღის ფარგლებში.

„კულუარულ მოლაპარაკებებზე საუბარი არასერიოზულია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს. იმ პარამეტრებისა და რეკომენდაციების შესრულების განხილვის ფორმატში, რათა გაიხსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს დაგაგმილად გაიხსნება შემოდგომაზე, ამა წლის ზამთარში თუ მომავალ წელს, დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა იმ მავნებლური დეზინფორმაციული პროპაგანდის ფონზე, რომ თითქოს საქართველომ ევროპას ზურგი შეაქცია და რუსეთისკენ მიექანება, ძალიან დიდი სიბრიყვეა. განსაკუთრებით იმ ექსპერტად წოდებული პერსონაჟების მხრიდან, რომლებმაც ზუსტად იციან ევროკავშირის სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკა, იციან რეალურად რა შესრულდა და რა უნდა შეასრულოს საქართველოს სახელწიფომ.

„ტყუილებისა და მანიპულაციების კორიანტელის მიუხედავად, სამუშაო პროცესი გრძელდება და ის, რაც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, სრულიადაც არაა მოულოდნელი და სიურპრიზი, ამაზე დიდი ხანია ხელისუფლება ლაპარაკობს, ამაზე ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილის შეკრებაზე",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

დედაქალაქის მერს უპასუხეს ოპოზიციიდან, ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ ყალბი სითამამე უწოდა კალაძის ჟურნალისტებთან 2 მაისის ინტერვიუს.

„სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან შიში იმალება. ეს დავინახეთ მათ შორის არშემდგარი დიქტატორის, შეშინებული ივანიშვილის სახეზე, რომელმაც დაძალებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს რუსთაველზე მიმართა. ასევე, დღეს პარლამენტი საერთოდ ვერ შეიკრიბა, რადგან მხდალ, მოღალატეებს, იმ 83 მოღალატეს, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, საერთოდ აღარ სურს გამოჩენა და გარკვეული ტაიმაუტი აიღეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით საზოგადოებას ბრაზი გადაუვლის, მაგრამ მათ უტიფარ განცხადებებში შიში იმალება, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს, განსაკუთრებით, თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×