"ნებისმიერ ბიზნესმენს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ეს არ უნდა კეთდებოდეს მათზე წნეხით"
გვანცა წულაია
01.05.2024

ქართულ პოლიტიკაში ბიზნესის ჩათრევა მაინც მოხდა. კერძო სექტორის ნაწილი, გამჭირვალობის მომხრეა, თუმცა მეორე მხარე "ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოწოდებს. ეკონომისტები კი აცხადებენ, ბიზნესის განცხადებები მხოლოდ მათი პოზიციის დაფიქსირება არ არის და შესაძლოა, ამან უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.

"უცხოური გავლენის გამჭირვალობის” შესახებ კანონმა ქვეყნის მოსახლეობა ორად გახლიჩა. იგივე მოცემულბაა კერძო სექტორშიც. ბიზნესის ნაწილი თავად კანონში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, გამჭვირვალეობის საწინააღმდეგო, ევროპულად მოაზროვნე არც ერთ ადამიანს, არაფერი ექნება.

"ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალეობა რუსული და კამპანიური ცილისწამება ევროპული?! მე არ ვაპირებ კანონის ნიუანსებში შესვლას, თუმცა ვფიქრობ გამჭვირვალეობის საწინააღმდეგო ჭეშმარიტად ევროპულად მოაზროვნე არცერთ ადამიანს, არაფერი ექნება. სხვა დეტალები პოლიტიკოსებმა არა ქაოსის, არეულობით მუქარის და შანტაჟის ფონზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განიხილონ!“, - დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი კაპანაძემ.

კიდევ ერთი ბიზნესმენი, `ვისოლ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის და ღია პროცედურების/რეგულაციების გარეშე, ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება შეუძლებელია.

მსგავსი პოზიცია სხვა ბიზნესმენებსაც გააჩნია, მაგრამ კერძო სექტორში არსებობს განსხვავებული პოზიციაც. ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთვის, გაუგებარია, რატომ უდგას ხელისუფლება ჯიბრში საქართველოს მოქალაქეებს და რატომ გრძელდება კანონის განხილვა.

„ფაქტია, ასეთი კანონის მიღება მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტის გამო მიუღებელია, შესაძლებელია, გადადონ და არჩევნების მერე დაუბრუნდნენ მის განხილვას, როცა საზოგადოებაც უფრთო გათვითცნობიერებული იქნება და ახალი ხელისუფლებაც გვეყოლება“, - აღნიშნა ჭყონიამ.

აშკარაა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა მოსახლეობასთან ერთად, ბიზნესიც `გახლიჩა”, რის გამოც შესაძლოა, სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნას. აზრი განსხვავებულია ეკონომისტებში, ნაწილი ფიქსრობს, რომკერძო სექტორმა საკუთარი საქმე უნდა აკეთოს და პოლიტიურ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ, როგორც ყველას, ბიზნესსაც აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება.

ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ "შიდა დაძაბულობა აზიანებს ქვეყნის იმიჯს, პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა შორის საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას და, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დინამიკური განვითარების პერსპექტივებს”.

"ყველაზე იდეალური მდგომარეობა იქნებოდა, პოლიტიკა რომ მხოლოდ ეკონომიკის კონცენტრირებული გამოხატულება იყოს, თუმცა რეალობაში ჩვენთანაც და სხვაგანაც ეკონომიკა პოლიტიკის სხვადასხვა ხარისხის  "მძევალია".

ხელისუფლებას და ბიზნესს ერთმანეთთან კომპლიმენტარული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ: მთავრობა უნდა ზრუნავდეს ბიზნესის დამცველი და წამახალისებელი გარემოს ფორმირებაზე, ბიზნესი კი კეთილსინდისიერად იხდიდეს გადასახადებს და მოქმედებდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში. ბიზნესის "დემარში" ხელისუფლების მიმართ არ უნდა სცილდებოდეს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნას და არ უნდა "ცდებოდეს" წმინდა პოლიტიკური განცხადებების კეთებაზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიზნესის მხარდაჭერა უნდა იყოს იდეისადმი და არა პერსონიფიცირებული პოლიტიკოსთა თუ მათთან აფილირებულ პოლიტიკურ პარტიებთან.

ბუნებრივია, ნებისმიერ ბიზნესმენს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ეს არ უნდა კეთდებოდეს მათზე ზეწოლით ან მათ უკან მდგარი კომპანიების აფილირებით ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან. შიდა ქვეყნისმიერი დაპირისპირება ასუსტებს ჩვენს ერთობლივ სურვილს და ძალისხმევას ძლიერი, ერთიანი, განვითარებული ქვეყნის მშენებლობისათვის”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ბიზნესის განცხადება მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ არის. ანალიტიკოს გივი მომცელიძის აზრით, ბიზნესმენი, ვინც პოზიციას აფიქსირებს, განცხადებას აკეთებს იმისთვის, რომ გარკვეული წვლილი შეიტანოს იმ მხარის სასარგებლოდ, ვისაც უჭერს მხარს.

"ყველას გვინდა, რომ საზოგადო მოღვაწეები ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ ასე არ გამოვა. კერძო სექტორს პულსი უნდა ედოს პოლიტიკაზე, თუმცა მგონია, რომ ვიღაც-ვიღაცებს ცოტა სხვანაირი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინათ და მათი პოზიცია არ უნდა ჩანდეს ისე, რომ განცხადება შიშის გამო გააკეთეს.

ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, მოქმედებს ეკონომიკაზე, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რა მოხდება მომავალში. თუ ხელისუფლება კანონს არ გაიწვევს, მაშინ, ძალიან ცუდად წარიმართება სიტუაცია, განსაკუთრებით პირველი 1-2 წელი, რადგან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდავს თავის საქმიანობას, შეიძლება ბევრი დახმარება გაჩერდეს. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ეკონომიკაზე იმოქმედებს”, - განუცხადა "რეზონანსს” მომცელიძემ.

კიდევ ერთი ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ პროცესების დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს და არც ერთი მხარე არ აპირებს უკან დახევას.

"დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს თავისი შეხედულების გამოთქმის უფლება. ეს ეხება, როგორ მსახიობებს, სპორტსმენებს, ისე ბიზნესმენებს. ჩვენ, ფიზიკურ პირებს თუ შეგვიძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, მათაც უნდა შეეძლოთ აზრის გამოთქმა. ვინ რას იტყვის, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ უფლება ყველას აქვს.

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რამდენად გვჯერა ამა თუ იმ ბიზმესმენის და რამდენად გულწრფელია თავის განცხადებაში. კონკრეტული ბიზნესმენის განცხადების უკან შესაძლოა, რაღაც იყოს, მაგალითად, ვიღაცამ ფინანსური სარგებელი მიიღოს, ტენდერებში გამარჯვების იმედი ჰქონდეს ან პირიქით, ვიღაც ბიზნესმენი მხარს უჭერდეს რომელიმე პოლიტიკურ პატრიას და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიიღოს სარგებელი. დაძაბულობა, რა თქმა უნდა, არასოდეს არ არის კარგი, მით უმეტეს ეკონომიკისთვის, თუმცა იმასაც გააჩნია, დაძაბულობა რა დონეზე აიწევს, რადგან შესაძლოა, ქვეყანაში სიტუაცია ისე აირიოს, რომ ინვესტორები დაფიქრდნენ, ღირს თუ არა საქართველოში შესვლა. შემდგომ ეტაპზე უფრო იქნება დამოკიდებული ეკონომიკაზე როგორი ასახვა იქნება ამ პოლიტიკური პროცესების.

როგორც ვხედავთ, ამ პროცესების დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს და არც ერთი მხარე არ აპირებს ნაბიჯის უკან გადადგმას. შესაბამისად, პოლიტიკური დაძაბულობა მხოლოდ და მხოლოდ მოიმატებს. სამწუხარო ის არის, რომ ამით ჩვენი ქვეყნის საგარეო რეპუტაცია ზიანდება”, - განუცხადა "რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.

პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკაზე ჯერჯერობით არ ასახულა, თუმცა ეკონომისტების თქმით, თუკი ვითარება არ დამშვიდდება, პრობლემები შეიქმნება.  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში რევოლუციის მცდელობები რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 5 მილიარდი დოლარით მეტი იქნებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×