რეზონანსი
19.04.2024

ბოდიშს ვიხდი, ისინი პოლიციელები არ არიან - ვინც მე მირტყამდა, არის „ძაღლობა", - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან განუცხადა, სადაც ის მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა.

ელისაშვილმა ისაუბრა 17 აპრილის ღამეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, მასსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას არ აქვს იმედი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დაპირისპირებას ობიექტურად გამოიძიებს.

„აქ, აბსოლუტური ფორმალობა გველის, იქნება წყალ-წყალა პროცედურა, რომ ვითომ რამეს აკეთებენ, ვითომ ვინმეს დაკავება უნდათ. ამ საქმეზე ვარ მოსული. ამათი გამოძიებული არ გაიშვას, მაგრამ მე მოვედი იმის გამო, რომ პატივს ვცემ ჩემ სახელმწიფოს და ზოგადად კანონმდებლობას. არ ვარ მე კანონმორჩილი, მაგრამ მე ვარ კანონის პატივისმცემელი ადამიანი, ამ ფორმალობასაც დავიცავ, თორემ რამის გამოძიება თუ უნდათ, გადაღებულია კადრები, სადაც ყველაფერი ხელისგულზე დევს და სახეები ჩანს, რომ აქციაზე არანაირი დაკავება არ ხდებოდა. ეს იყო გაჩაღებული ცემა-ტყეპა და სადამსჯელო ოპერაცია. მშიშარა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა ჩემთვის პასუხი დაებრუნებინა, პოლიციელები დამასია ტურებივით. ბოდიშს ვიხდი, ისინი პოლიციელები არ არიან - ვინც მე მირტყამდა, არის „ძაღლობა". საბჭოთა დროს რომ პოლიციელებს „ძაღლობას" ეძახდნენ, იმათი მენტალური შთამომავლები და იდეის გამგრძელებლები არიან ესენი, თორემ მე პატიოსან, კანონის მორჩილ პოლიციელებს პატივს ვცემ.

კადრები რომ ვნახე, კიდევ უფრო დავიძაბე. მაგდენი თუ მომხვდა, არ მახსოვდა იმიტომ, რომ იქ ისე ვიყავი, ადრენალინია, სტრესია და თურმე, კიდევ უფრო შემზარავი ყოფილა რაც გავიარე, მაგრამ პასუხს ვის მოსთხოვენ? აქ რომ გულმოდგინედ მიუდგნენ, 18-წლიანი მუხლი ემუქრებათ, რადგან ეს არის ჯგუფური, ორგანიზებული დანაშაული, ძალადობა პოლიციის მხრიდან. გამოძვრნენ საყვედურებით. ბოდიში ყველასთან, მაგრამ "ქუნემ" ამათი გამოძიება. ვისაც ესმის, გაიგებს, რაც ვიგულისხმე", - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, მან პოლიციელებს აუხსნა, რომ მისი დაკავების უფლება არ ჰქონდათ, რადგანაც მას სადეპუტატო მანდატი იცავდა, რაზეც პოლიციამ უპასუხა, რომ ეს დაკავება არ იყო, ეს იყო განრიდება. ელისაშვილის თქმით, სინამდვილეში კი, ეს იყო დაკავება და დაკავების ოქმიც შედგენილი აქვს პოლიციას.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, მას სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ის მთავრობის ადმინისტრაციაში შეიყვანეს სამართალდამცველებმა, მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეხვდა, რომელთანაც ცხარე საუბარი ჰქონდა.

"მისგან არანაირი აგრესია არ იყო, მისმენდა და მეუბნებოდა, დამშვიდდი, დაწყნარდი, ყველაფერი გაირკვევაო. ამ ცოდვას ვერ დავიდებ, ნაღდად ვერ მოვიტყუები.

თავიდან აგრესიული იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე. სირაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მაგრამ შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობდა, აგრესიული იყო და პირველად მისგან გაისმა "შეათრიეთო" და დამთავრებული არ ჰონდა ეს სიტყვა, რომ გავქრი იმ პოლიციელების ფეხებში", - განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×