რეზონანსი
22.04.2024

„ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც ჩვენს ხალხს ლეგიტიმაცია უკვე აქვს გამოცხადებული, თუმცა კიდევ ერთხელ არის საჭირო სახალხო ლეგიტიმაციის დადასტურება. საკითხი უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ქუთაისში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული.

„ფრიდონ ინჯიაა წარმოდგენილი ოპოზიციის კვოტით, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ისევე, როგორც „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილმა" ბოიკოტი გამოუცხადეს საყოველთაო-სახალხო განხილვას. აქ მოუწევდათ მათ პოზიციის დაფიქსირება, ეთანხმებიან თუ არა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იდეას, რომ ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ. ესეც არის ერთგვარი ლუსტრაცია. მათ გაუჭირდებოდათ პასუხების გაცემა თქვენთვის, უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ უფრო ფართოვდება ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერები, რომელშიც ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება, სამოქალაქო პარტნიორობა, რასაც ჯაჭვურად მოჰყვება შვილად აყვანა და საბავშვო ბაღებში შესაბამისი სწავლების შეტანა, რომელსაც „გენდერული თანასწორობის შესახებ" სწავლებას უწოდებენ.

„როდესაც ჩვენ დავსვით საკითხი, თუ რას გულისხმობდნენ ბაღებში „გენდერული თანასწორობის სწავლებაში" და იგულისხმებოდა თუ არა, რომ ბავშვებისთვის მიზანმიმართულად სურთ პროპაგანდა გაუწიონ „ამ ტიპის" ცხოვრების, ჩვენი პასუხი იყო ძალიან მკაცრი. დაუშვებელია ბაღში, სკოლაში ბავშვებს ასწავლოს ვინმემ, რას ნიშნავს დაიბადო ბიჭად ან გოგოდ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდეს ამას. ეს არის იდეოლოგია, რომელიც საკმაოდ მოძლიერებულია, ამიტომ მას სჭირდება ჩვენი საზოგადოების მკაფიო პასუხი. ჩვენ განსხვავებული ცხოვრების წესის შეფასებაში არ შევდივართ, ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი. განსხვავებული ცხოვრების წესი დაცულია, არავის ექნება უფლება, რომ დისკრიმინაციულად მოეპყროს ვინმეს. აქ საუბარია მიზანმიმართულ პროპაგანდაზე, რომ უნდა დაიწყოს სწავლება ბაღებში, სკოლებში და ბავშვებს ასწავლო, რომ ნორმალურია დაიბადო ბიჭად, მაგრამ ფიქრობდე, რომ შენ ხარ გოგო. ხდება სპეციალური ანიმაციური სცენების წარდგენა, რაც არის პოპულარიზაცია. ამას ისახავენ მიზნად", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×