რეზონანსი
26.04.2024

ევროპარლამენტში კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის მიერ ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ.

„ევროპარლამენტარები თავად არიან მმართველ საბჭოში, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდის". ეს ის ფონდია, რომელიც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების" რომანტიზებას ჩუმად აფინანსებს, რომელიც საქართველოში პარტიებს ჩუმად აფინანსებს და ზუსტად მათ ინტერესშია, რომ ეს ხარჯები დარჩეს დაფარული და ცდილობენ, საკუთარი შესაძლებლობა ევროპარლამენტში გამოიყენონ ქართველ ხალხზე თავდასასხმელად. ამიტომ, ეს არის სწორედ იარაღად გამოყენება რეზოლუციების. რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ქართველი ხალხის მიმართ.

იქ ისიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ბევრი რამ წერია. საქართველოს მოსახლეობას არაფერი ემუქრება. ეს არის რამდენიმე, ქართველ ხალხზე გაბრაზებული დეპუტატი. არაფერი არ ემუქრება, ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება. რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის მიერ ბწკენა არის ქართველი ხალხის მიმართ. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მათ მანდატი. ივნისშია არჩევნები, ასე რომ, ეს არის ბოლო გაბრძოლება, რათა ქართველ ხალხს რაღაცნაირად სიტყვიერად თავს დაესხან, აქ მეტი არაფერი არ არის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.

რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე - „ევროპარლემენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის" კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×