ელზა პაპოშვილი
08.04.2024

სამტრედიაში გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თავდაპირველად 29 წლის ქალს ქმრის მკვლელობას ედავებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობა მისმა ძმამა ჩიდინა. საქმის მასალების მიხედვით მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა. 

გამოძიების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული მამაკაცი მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. მას შემდეგ კი რაც ნაცემმა მამაკაცმა პოლიციაში დარეკვა სცადა, მეუღლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის მეუღლემ მკვლელობა თავდაპირველად თავად დაიბრალა, ამჟამად მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.   

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, საწყის ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მსხვერპლის მეუღლეს წარედგინა, თუმცა, გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული, მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს.  

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხივე პირს, მოსამართლემ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთაგან ერთს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას სხდომაზე ბრალდებულების პროტესტი მოყვა, მათ პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, რის გამოც ორ მათგანს სხდომა იძულებით დაატოვებინეს.

თავდაპირველად სამტრედიაში ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის ნატო ხელაძე დააკავეს. პროკურატურა აცხადებდა, რომ ქალმა თავიდან დანაშაულის ჩადენა საკუთარ თავზე აიღო. მოგვიანებით კი, სასამართლოზე უარყოფდა, რომ მან ქმარი მოკლა. ქალი სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დანაშაული მან კი არა, მისმა ძმამ ჩაიდინა, რომლიც მკვლელობის შემდეგ სახლიდან წავიდა. ხელაძე ამბობს, რომ პოლიციაში თავად დარეკა და ადგილიდან არ მიმალულა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ქალის ჩვენება და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ქალის უდანაშაულობას საქმეში არსებული მასალებიც ადასტურებდა. მათ შორის, ნატო ხელაძისა და მოკლულის შვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მამამისი ბიძამისმა მოკლა. 7 წლის ბიჭი სისხლიანი დანაშაულის ერთ-ერთი მოწმეა და ის გამომძიებელთან მკვლელობის ეპიზოდს დეტალურად იხსენებს.

სხდომის დასრულებიდან მალევე ქალის უდანაშაულობაში გამოძიებაც დარწმუნდა. უმძიმესი ბრალდება, რომელიც ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს, დღეს უკვე გადაკვალიფიცირებულია. ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს მხოლოდ ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×