ელზა პაპოშვილი
09.04.2024

მარნეულში  კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. ადგილობრივების თქმით  შემთხვევა 8 აპრილს  მოხდა. 44 წლის მამაკაცი სამსახურში მიმავალ ცოლს გზაზე ჩაუსაფრდა და დანით სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავად კი ადგილიდან გაიქცა. ქალს თვითმხილველები დაეხმარნენ და სასწრაფო გამოიძახეს. 

ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ ის სიკვდილს გადაარჩინეს. ქალს გულ-მკერდის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. თავდამსხმელი კი, მიუხედავად იმისა, რომ ადგილიდან მიიმალა, ცხელ კვალზე დააკავეს.    

ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ ქალს ყოფილი ქმარი ქუჩაში თავს მოულოდნელად დაესხა და მან წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრო.

„როგორც გავიგეთ, ყოფილი ქმარია. გაშორებული ყოფილან. სავარაუდოდ, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობაა - კაცი ყოფილ ცოლს შერიგებას სთხოვდა და ის უარს ეუბნებოდაო. ალბათ ძალადობდა ცოლზე და აღარ სურდა ასეთ კაცთან ცხოვრება. 

„სამსახურთან ჩასაფრებია. იმდენად სწრაფად დაესხა თავს, რომ ქალმა გაქცევაც ვერ მოასწრო. სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველებმა დარეკეს პოლიციაში და სასწრაფოში. ქალი გადაიყვანეს და გადარჩენა შეძლეს“,-უყვება ადგილობრი „რეზონანსს“      

მედიკოსების ინფორმაციით კი ქალს გულ-მკერდის არეში ჰქონდა დაზიანება მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილური. 

„შემოიყვანეს პაციენტი ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობით გულ-მკერდის არეში, რომელიც კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა შემავალი ფილტვის დაზიანებით, რის გამოც გაუკეთდა ოპერაცია, გაიკერა ფილტვი, დატრენირდა პლევრის ღრუ. ამჟამად პაციენტი მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. მძიმეა, მაგრამ სტაბილურია“, - ამბობენ საავადმყოფოში. 

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თავდამსხმელი დაკავებულია და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×