თამთა ჩაჩანიძე
11.04.2024

ცესკოს კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ლევან შენგელიამ წევრობა შეიჩერა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ორ წარმომადგენელს - ზაურ ხალილოვს და ნინო ჩხობაძეს, რომლებმაც კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვის დაწყების გასაპროტესტებლად. მმართველმა პარტიამ ამას უპასუხისმგებლობა და საბოტაჟი უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, პირველად იმართება საკონკურსო კომისიის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს. ცესკოს ფორმირების მიზნით კონკურსი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა - ეს არის ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია, რომელზეც განაცხადი მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. ასევე, ასარჩევია ცესკოს სამი ე.წ. პროფესიული წევრი - ამ ვაკანსიაზე პარლამენტში განაცხადი ოთხმა პირმა - ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა - წარადგინა.

„უპასუხისმგებლობაა, საბოტაჟია ცესკოს წინააღმდეგ. ეს საბოტაჟის გაგრძელებაა, ახალი დაწყებული კი არაა. კომისიაში არიან პროფესორები, სამართლის და სხვა სფეროების დოქტორები, იმ ხალხმა რატომ არ დატოვა? კანონის კითხვა არ იციან? სალომე ზურაბიშვილმა და მისმა წარმომადგენელმა იციან კანონის კითხვა და სხვამ არ იცის? რატომ არ დატოვა პროტესტის ნიშნად? ესე იგი საბოტაჟია. ეს არის რეალური მიზეზი, მეტი არაფერი. ცესკოს როგორ ებრძოდნენ?" - განაცხადა მდინარაძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ კონსენსუსის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ამ ფარსში მონაწილეობის" აზრს ვერ ხედავს.

„ნაცვლად იმისა, რომ, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია მითითებული, ცესკო-ს თავმჯდომარე შერჩეულიყო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, რომ მას ჰქონდეს საზოგადოებრივი ნდობა, კვლავ სუს-ის და პარტიული დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ცესკო-ს თავმჯდომარე დატოვა ივანიშვილმა თანამდებობაზე. აბსოლუტურად მესმის, რომ ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ხედავს ამ ფარსში მონაწილეობის აზრს და შესაბამისად, იძულებულია შესარჩევი კომისია დატოვოს",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თავად ლევან შენგელიამ კი მისი გადაწყვეტილება ასე განმარტა:

„ორმა წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან განცხადებით მიმართა კომისიას და განაცხადა შეუძლებლობის შესახებ თავიანთი მუშაობისა ამ კომისიაში. თქვეს, რომ ისინი შეაჩერებენ თავიანთ მონაწილეობას. თავიანთი გადაწყვეტილება დაუკავშირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვის დაწყებას 15 აპრილს. ესენი არიან ნინო ჩხობაძე და ზაურ ხალილოვი. თხოვნა იყო, რომ ხომ არ გადაგვედო სხდომა საერთოდ და მერე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ელოდნენ. რადგან ეს გათვალისწინებული არ იქნა, მე როგორც კომისიის წევრი, პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე ვაჩერებ ჩემს მონაწილეობას კომისიაში. ეს გვინდა, რომ აღქმული იქნას, როგორც სოლიდარობის დასტური იმ პოზიციისადმი, რომელიც ზოგადად აქვს საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს", - თქვა ლევან შენგელიამ.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პოზიციას, ცესკოში ყოფნის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც მის „მიკერძოებულობაზე, აფილირებულობაზე, ნეიტრალიტეტის დარღვევასა და პოლიტიკური გავლენების ქვეშ ყოფნაზე მიუთითებდა".

„როდესაც ასეთი გამჭვირვალე ხარ, ხარ ობიექტური და ინკლუზიური პროცესი გაქვს უზრუნველყოფილი, ეს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა თუ რაოდენ დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მიუკერძოებელი ვიყავი ჩემს საქმიანობაში.

„ვერავინ იტყვის, რომ ცესკოში ჩემი ერთი ხმა ან ჩემს მიერ გაცხადებული პოზიციები რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. გამოცხადებული კონკურსის წინ უსაფუძვლო ბრალდებები დისკრედიტაციას, მნიშვნელოვანი საქმეების გადაფარვას და ჩემი კანდიდატურის მმართველ პარტიასთან ბმას ისახავდა მიზნად", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×