ნატალია ჯვარიძე
27.04.2024

უკრაინის მიერ დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა, მოხსნილი იყოს. ასეთი ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ აშშ-მა მარტში უკრაინას ფარულად მიაწოდა შორს მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები. როგორ შეცვლის ეს ომის ხასიათს და რა უპირატესობა შეიძლება მიიღოს ამით უკრაინამ?

ATACMS-ის ტიპის რაკეტები 300 კმ-ზე მოქმედებს და მათი გაშვება საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ჰაიმარსის" საშუალებით ხდება. მანამდე უკრაინის არმიის არსენალში მხოლოდ 165 კმ-ზე მოქმედი ამერიკული რაკეტები იყო. ახალი რაკეტებით კი მათ შეუძლიათ მიწვდნენ ყირიმის ხიდსაც და რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო და სხვა ტიპის სტრატეგიულ ობიექტებს.

დასავლური მედიის ცნობით, მათი გადაცემა მარტში, ჯერ კიდევ კონგრესის მიერ უკირაინისათვის 61 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებამდე მოხდა. ისინი ოფიციალურმა კიევმა 300 მილიონი დოლარის მორიგი სამხედრო დახმარების ფარგლებში მიიღო.

„უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე შეუწყვეტელი თავდასხმების და, ასევე, ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის მიწოდების შემდეგ მე გადავწყვიტე უკრაინისთვის გამეგზავნა 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული ბალისტიკური რაკეტები", - ამბობს ბაიდენი.

„შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ი მიაწოდა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა.

სააგენტო „როიტერსი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები პირველად გასულ კვირას ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის აეროდრომზე დასარტყმელად გამოიყენეს. „ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით კი, ახალი რაკეტები ასევე გამოიყენეს სამშაბათს ღამით, ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ბერდიანსკში.

აღსანიშნავია, რომ ომის ორი წლის განმავლობაში უკრაინის პარტნიორები ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ დასავლეთიდან მიღებული იარაღი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული უშალოდ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისათვის. შესაბამისად, უკრაინის არმიას მხოლოდ ის რაკეტები გადაეცემოდა, რომელთა მოქმედების არეალიც რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას არ სცილდებოდა. ის ფაქტი, რომ ამჯერად უკრაინამ არა იგივე, არამედ გამსხვავებული - შორი მოქმედების რაკეტები მიიღო, აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ეს შეზღუდვა უკვე მოხსნილია.

ამაზე უკვე რუსეთშიც საუბრობენ. სამხედრო ექსპერტმა და ჟურნალ „ეროვნული თავდაცვის" მთავარმა რედაქტორმა იგორ კოროჩენკომ „არგუმენტი ი ფაკტის" განუცხადა, რომ უკრაინისათვუს შორს მოქმედი რაკეტების გადაცემა რუსეთისათვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

„დარტყმები, შესაძლოა, მოულოდნელად განხირციელდეს. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატომ და აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მისცეს. დარტმის ქვეშ ექცევა მნიშვნელოვანი აეროდრომები, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები", - აღნიშნა კოროჩენკომ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პარასკევს ასევე განაცხადა, რომ უკრაინა დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე და მათ შრის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებისათვის იყენებს. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, საერთაშორისოდ აღიარებულ რუსეთის ტერიტორიას გულისხმობს, თუ უკრაინის იმ ოკუპირებულ რეგიონებსაც, რომელსაც მოსკოვი თავისად მიიჩნევს.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაია მოსაზრებას უკრაინისათვის დასვლური იარაღის გამოყენებაზე არსებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ არადამაჯერებლად მიიჩნევს.

„ჩემი აზრით, აშშ უკრაინას აუცილებლად გააფრთხილებდნენ, რომ ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენოს. უკრაინაში ახლა რთული სიტუაციაა. მასობრივი შეტევები მიმდინარეობს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სტრატეგიულ თავდაცვაში გადასვლა უწევთ. ბუნებრივია, მათ სჭირდებათ მეტი იარაღი, რომ რუსების შეტევები შეაჩერონ. აშშ ამ რაკეტებს მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოაყენებინებენ - ზაპოროჟიე, ყირიმი და ა.შ. და მე როგორც ვიცი, ის აკრძალვა, რაც იყო, ისევ ძალაში რჩება", - აცხადებს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×