თეონა ვეშაგური
(14.07.2022)

როგორც ჩანს, მიხვდნენ ევროკავშირში, რომ საჭიროა უფრო სიღრმისეული მუშაობა როგორც საქართველოში ისე საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდან. გამიხარდა ვადის გაზრდაც, რადგან შეუძლებელი იყო რამის მოსწრება 6 თვეში, - ამის შესახებ ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრობს. მისივე თქმით, ახლა თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას" წაადგება.

„აშკარად ჩანს, რომ მიხვდნენ ევროკავშირში, რამდენად არ არის მზად ქართული ხელისუფლება კონსტიტუციური წინადადებებითა და რეფორმებით უპასუხოს მათ რეკომენდაციებს, ანუ მიხვდნენ, რომ არაფერი არ გამოდის საქართველოსგან. ამიტომ საჭიროა უფრო სიღრმისეული მუშაობა როგორც ქვეყანაში ისე ქვეყანასთან ევროკავშირის მხრიდან.

„რა თქმა უნდა, ეს გაუხარდა „ქართულ ოცნებას", რადგან ისინი სხედან ორ სკამზე. ვერ გაერკვნენ, უკრაინაში იმარჯვებს თუ მარცხდება რუსეთი და ელოდებიან ამას, იმედი აქვთ, რომ ერთ წელიწადში ჩამოყალიბდება ეს რეალობა და უფრო თამამად დაუჭერენ მხარს ან გამარჯვებულ რუსეთს, ან უკრაინას. უცებ შეცვალეს რიტორიკა, დაავიწყდათ, რომ ომს ითხოვდა ჩვენგან ევროკავშირი, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად ზრდის კანდიდატის სტატუსის მოცემის შანსს რეკომენდაციების შესრულების ვადის გახანგრძლივება, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ისედაც არ ელოდა, დადებით პასუხს 2024 წლის არჩევნებამდე.

„მე ისედაც ეჭვი მეპარებოდა, რომ შეიძლებოდა კანდიდატის სტატუსი მოეცათ არჩევნებამდე. გამიხარდა ვადის გაზრდაც, რადგან შეუძლებელი იყო რამის მოსწრება 6 თვეში. ამ დროისთვის მზად იქნებოდა, ალბათ, მხოლოდ ფორმალური მხარე.

„დაახლოებით ის სიტუაციაა, ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, არაფერი იცის და შედარებით იოლ დავალებას მისცემს პროფესორი, იქნებ ეს მაინც გააკეთოს, რომ გადაარჩინოს. ასეთი რამ გააკეთა ევროკავშირმაც, გვითხრა: მოდით ხელახლა და იქნებ რაღაც გამოვიდეს. თუმცა, მერე გვიყურეს, როგორ ვჭიდაობთ ტალახში და მიხვდნენ, რომ ჩვენგან არაფერი გამოვა. ამიტომ უკვე დაგვიდგინეს რეალური დრო. ვერაფერი ვერ მოესწრებოდა 6 თვეში, მაგრამ მზად იყვნენ დაეხუჭათ თვალი რაღაცეებზე და მოეცათ კანდიდატის სტატუსი, რათა დავწეოდით უკრაინასა და მოლდოვას. ახლა კი გაზრდილი ვადა იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვასწროთ ყველაფერი. უკვე აღარ გვაპატიებენ. არ ვიცი, ახლა როგორ არის სასწავლო სისტემაში, მაგრამ ჩვენს დროს იყო საშემოდგომოები, როდესაც მოსწავლეს ეუბნებოდნენ, რომ შემოდგომაზე უნდა ჩაებარებინა ის მასალა, რაც აქამდე არ იცოდა, თუ არა და ჩატოვებდნენ კლასში, ასე ხდება ახლაც, საქართველოს შემთხვევაში. ჩვენ გამოგვაყოლეს საშემოდგომო.

„და რა მოხდება 2023 წლის ოქტომბერში? - შეიკრიბება ევროკომისია და მისცემენ რეკომენდაციას ევროკავშირს, რომ შეასრულა რეფორმები საქართველომ და ევროკავშირს ვურჩევთ დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს. ჩაატარონ არჩევნები და შემდეგ ვიმსჯელოთ. აქედან გამომდინარე, სტატუსს არ მოგვცემენ არც ოქტომბერში. უბრალოდ დაგვიდგენენ მკაფიო პირობებს, რომ არჩევნების შედეგის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს, მნიშვნელობა ექნება როგორ ჩატარდება არჩევნები. მე ასე ვხედავ ვითარებას.

„ამ ყველაფრის ფონზე კი ყველაზე კარგი ვთარებაა ოცნებისთვის, ისინი ჩამოყალიბდებიან ბოლოსდაბოლოს პრორუსები არიან თუ პროევროპელები. რუსეთი თუ დამარცხდება, გააკრიტიკებენ რუსეთს, თუ გაიმარჯვებს - გააკრიტიკებენ დასავლეთს. მათი მთავარი ამოცანა არის შეინარჩუნონ ძალა-უფლება.

"მე მაინც მგონია, რომ ისევ მმართველი გუნდი მოიგებს არჩევნებს. იმიტომ, რომ რაღაცეები მაინც კეთდება, უბრალოდ ეს ერთი წელი არის გარანტია, რომ არ იქნება რევოლუციები და ვადამდელი არჩევნები. ისევ დააბრალებენ ოპოზიციას დესტრუქციულ ქმედებებს და იტყვიან რომ, ისინი აფუჭებენ საქმეს და არ აცდიან მუშაობას. დაადანაშაულებენ, რომ 12 პუნქტზე მუშაობის ნაცვლად ფიქრობენ ისევ ვადამდელ არჩევნებზე და ხელისუფლების დამხობაზე. ქართულ საზოგადოებას კვლავ დაუწყებენ მტკიცებას, რომ მათთან არ შეიძლება მუშაობა. თუ ახლა პარლამენტიდან გამოვა ოპოზიცია ან არ ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, წაადგება მხოლოდ „ქართულ ოცნებას," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე