თეონა ვეშაგური
(14.07.2022)

საქართველოში არ არის შესაბამისი პოლიტიკური ფონი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირიც გვეუბნება, რომ ამას ვერ მოვახერხებთ 6 თვეში. მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდება, განსხვავებული შეხედულებები აქვს პრეზიდენტსაც, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი იგორ კვესელავა და ამატებს, აუცილებელია კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბება.

იგორ კვესელავა: მე ადრეც გითხარით, რომ ვერ შეძლებდა საქართველო რეკომენდაციების შესრულებას წლის ბოლომდე, რადგან 12 რეკომენდაცია არ არის რომელიმე ერთი ან ორი ორგანიზაციის მიერ წამოყენებული. აქ საქმე იმაშია, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოსცა მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენელმა. ეს ყველაფერი კი შეთანხმებულია ამ სახელმწიფოების ხელმძღვანელობასთან. ამასთან, საქართველოში არ არის შესაბამისი პოლიტიკური ფონი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირიც გვეუბნება, რომ ამას ვერ მოვახერხებთ 6 თვეში.

ვერ თანხმდება ხელისუფლება და ოპოზიცია, ერთი იქით მიიწევს და მეორე აქეთ. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება არც პრეზიდენტი. ყველას უნდა თავის სასარგებლოდ წაიყვანოს ეს პროცესები და ამაშია პრობლემა. ყველა მხარეს აქვს თავისი ხედვა და მიმართულება, აბსოლუტურად არ ემთხვევიან ერთმანეთს. ყველა ეს ინფორმაცია კი იციან ამერიკასა და ევროპაში, ამუშავებენ ქართულ პრესას, მუშაობენ მათი საელჩოები, აანალიზებენ მიღებულ ინფორმაციებს და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს. მიხვდნენ, რომ შეუძლებელია ეს 12 მუხლი შესრულდეს წლის ბოლომდე, ეს არის ძირითადი.

ამასთან, პატივისცემის მიუხედავად, მე არ ვიზიარებ ბატონი პრემიერის მოსაზრებას რეიტინგებთან დაკავშირებით. გამოკითხვას აწარმოებს უამრავი ორგანიზაცია, ერთმა შესაძლოა მოგვცეს ბრწყინვალე შედეგი, მეორემ კი ნულოვანი. მე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, თითქოს ჩვენ კეთილსინდისიერების თვალსაზრისით ვუსწრებთ ევროპის ქვეყნებს. ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი ის კი არ არის, რას საუბრობენ საქართველოზე, მთავარი ქართველი ხალხის აზრია.

რ: როგორ გგონიათ, ამ გახანგრძლივებული ვადის ფონზე, რამდენად შეძლებენ ჩვენი პოლიტიკური ძალები 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას?

ი.კ: მე გეუბნებით, რომ თუ ჩვენ ჩამოვყალიბდებით და წავალთ ეროვნული შერიგებისაკენ, არ გავამახვილებთ ყურადღებას მაინცდამაინც დაჭერაზე, გნებავთ პრეზიდენტისა თუ პრესის ხელმძღვანელის, ყველაფერი იქნება შედარებით უკეთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი აისახა ევროკომისიის დასკვნაზე. მსოფლიო ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს პრეზიდენთან დამოკიდებულებაში, ამიტომ აქაც არის რთული ვითარება და თუ ეს ასე გაგრძელდა, შესაძლებელია ისევ ვერ შევასრულოთ 12 პუნქტი.

იქ გაწერილი პუნქტები, იგივე დეოლიგარქიაზე, არ არის მარტივი საკითხი. აქ საუბარი არაა მხოლოდ ივანიშვილზე, იგულისხმებიან სხვებიც. მაგრამ ზოგი მეცენატია, ზოგიც ოლიგარქი. თუ ადამიანი ოლიგარქია და იბრძვის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, ეს უკვე არ ეპატიება არავის. მეორეს მხრივ, მეცენატი არ არის პოლიტიკურ სისტემაში.

თეორიულადაც რთული თემაა, არის თუ არა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება გარკვეულწილად ოლიგარქია, ნაწილობრივ კი მეცენატი. მე რომ მკითხოთ, ორივეა, რადგან ის მოვიდა ხელისუფლებაში და სურს მისმა გუნდმა შეინარჩუნოს მმართველობა. ამასთან, ვთვლი მეცენატადაც, რადგან ემსახურებოდა როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილისა და დღევანდელ ხელისუფლებას. შევარდნაძის დროიდან ხელს უწყობდა ხელისუფლებას, აშენებდა სკოლებს, ეკლესიებს და ა.შ.

რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მუშაობის საკითხს, მე მაინც მგონია, რომ საჭიროა კოალიციური მთავრობა. მმართველმა გუნდმა საშუალება უნდა მისცეს ოპოზიციურ სპექტრსაც, ჩაერთოს სახელმწიფო საქმიანობაში. მაგალითად მერის მოადგილე იყოს ოპოზიციონერი და ა.შ. რატომ არ შეიძლება ერთად იმუშავონ? ჩემი აზრით, ეს იქნებოდა გამოსავალი, რადგან ისინი მოემსახურებიან საკუთარ ქვეყანას და არ უღალატებენ მას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე