ელზა პაპოშვილი
(14.07.2022)

უკრაინის ომის 141-ე დღე - რუსმა აგრესორებმა რამდენიმე ქალაქი სასტიკად დაბომბეს, დაღუპულია ათობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ბავშვები. ყველაზე სასტიკი იყო თავდასხმა ქალაქ ვინიცაზე, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს და საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ძალიან დაშორებულია. აქ, ბოლო მონაცემებით, ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 ბავშვი. ამას გარდა, ბახმუტში რუსებმა „ურაგანის“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს, არის მსხვერპლი.  რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე ინტენსიურ იერიშებს განაგრძობს. ბახმუტში, დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. დაზიანდა დაახლოებით 8 საცხოვრებელი სახლი. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიაზეც. ორი რაკეტა კომერციულ ობიექტს დაეცა, შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქალაქ ჩასივ-იარიშიც. ამ დროის მონაცემებით, 5 სართულიანი კორპუსის ნანგრევებში 48 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი - მათ შორის ერთი ბავშვია.    

სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი  და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ფორნტის ხაზზე სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და ძალიან რთულია წინასწარ რამის განსაზღვრა. გენერალი ამბობს, რომ სავარაუდოდ რუსები ზაპროჟიეს მიმართულებით ცდილობენ იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რაც უკრაინელებმა კონტრშეტევებით გაათავისუფლეს. 

„არ მგონია, რომ რუსები თუ რამე სერიოზულს აპირებენ,  მინიმუმ გადაჯგუფება უნდა დაიწყონ.  თუმცა ამ ეტაპზე რაც ჩანს,  საკონტაქტო მოქმედებები შემცირებულია სლავიანსკის და სევერსკის  მიმართულებებზეც. მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით არის შეტევები და ზაპოროჟიეს სექტორში. სავარაუდოდ, რუსებს ზაპროჟიეში იმ ტერიტორიების დაბრუნება სურთ, რაც უკრაინელებმა წაართვეს. 

„რუსები სამწუხაროდ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვართან უკვე გავიდნენ. ახლა გადამწყვეტი ბრძოლები დონეცკის მიმართულებით მიდის. თუ სლავიანსკი და კრამატორსკი აიღეს, ფაქტობრივად ძირითადი თავდაცვითი ზღუდე გადალახული ექნებათ და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზეც გავლენ. დონბასი კი ვიცით, რომ დონეცკი და ლუგანსკია. პუტინმა განაცხადა, რომ  სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის აღების შემდეგ დანაყოფებს დასვენება სჭირდებათ, მძიმე ბრძოლები ჰქონდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი უკანდახეული უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწვეტეენ. შეტევებს მანამ განაგრძობენ, სანამ წარმატება გარკვეული სახით მაინც ექნებათ, ვიდრე მათ ხელშია ინიციატივა“, - ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე  რუსებს სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებებზე წარმატება არ აქვთ, თუმცა სევერსკის, სოლედარის და ბახმუტის ზღუდეზე შესაძლოა, არ მისცენ უკრაინელებს გამაგრების შესაძლებლობა. გენერალი ფიქრობს, რომ ისევ აჯობებს უკრაინელებმა სლავიანსკის და კრამატორსკის მიმართულებებზე გააძლიერონ თავდაცვის ზოლი, ხოლო სევერსკის, ბახმუტის და სოლედარის რაიონში მოაწყონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზოლი.

ვინიცას დილით შეუტიეს. მოსკოვი ირწმუნება, რომ სარაკეტო თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე არ განუხორციელებია, თუმცა კადრები ისევ საპირისპიროს ადასტურებს. ფაქტს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

„შავი ზღვიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვინიცის ცენტრს წყალქვეშა ხომალდიდან კალიბრის საკრუიზო რაკეტებით დაარტყეს, ორი რაკეტა საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა გაანადგურდა. დაინგრა შენობები, სამოქალაქო ობიექტები, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა. დგინდება მსხვერპლის და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა,“ - აცხადებს საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერი იური იგნატი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ოლექსი გრომოვის განმარტებით, რუსმა ოკუპანტებმა ვინიცა კალიბრის ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტით დაბომბეს.

„დღეს მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ვინიცაზე. გაისროლეს კალიბრის ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტა, კიდევ ორი რაკეტა ჩვენმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს. მთლიანობაში, შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან მტერმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ისკანდერისა და კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით 630 დარტყმა განახორციელა,“ - ამბობს ოლექსი გრომოვი.   

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცის დაბომბვას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი მკვლელი და ტერორისტული ქვეყანაა.

„რუსეთი ყოველდღიურად ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, მიმართავს რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებზე. იქ, სადაც სამხედრო არაფერია. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები. მკვლელი ქვეყანა. ტერორისტული ქვეყანა“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამში“.  

შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი თავის ბარბაროსობას არ შეაჩერებს, - ასე აფასებს ვინიცაზე მომხდარ თავდასხმას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. მისი თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, მძლავრი იარაღი და ცივილიზებული სამყაროს ერთიანობა.

„რუსი ტერორისტები მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდს გააფთრებით აგრძელებენ. დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი თავის ბარბაროსობას არ შეაჩერებს. მხოლოდ დამანგრეველი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ, არანაირი დაშოშმინება! მხოლოდ თანამედროვე და მძლავრი იარაღი უკრაინისთვის და ცივილიზებული სამყაროს პოზიციის ერთიანობა!“ - წერს კლიჩკო.   

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსი „ომის დამნაშავეები“ ყოველი წვეთი უკრაინული სისხლისთვის გასამართლდებიან.

„ჩვენ გავასამართლებთ რუს ომის დამნაშავეებს უკრაინული სისხლისა და ცრემლის თითოეული წვეთისთვის“, - წერს კულება „ტვიტერზე“.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე